„პუტინზე ზეწოლა არ მუშაობს“ – სენატორი გრემი ტრამპს სთხოვს, უკრაინა „ტომაჰავკის“ რაკეტებით აღჭურვოს

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ უკრაინას ომის მიმდინარეობის შესაცვლელად „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები სჭირდება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მათი გადაცემის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, ნათელია, რომ „ჩვენს მიერ პუტინზე განხორციელებული ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და უკრაინის წინააღმდეგ მისი მასობრივი თავდასხმები შეწყვიტოს, არ მუშაობს“.

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეა, იმოქმედოს რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას ამარაგებენ, აშშ-მა და ევროპამ სრული გადაწყვეტილებით უნდა განახორციელონ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სერიოზული დარტყმა მიაყენა პუტინის ეკონომიკას ნავთობკომპანიებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებით. ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია“, – აღნიშნა გრემმა.

ამავდროულად, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა გრძელდება და ამ მხრივ, ის უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტებით შეიარაღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები