გიორგი სვანიძე: „დაკარგული ფოტოების ამბავი“ შთამბეჭდავი და ემოციური ნამუშევარია, რომელიც ბოლნისის წარსულს აცოცხლებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული ფოტოების ამბავი“ პრემიერას და უცნობი ბოლნისელი ფოტოგრაფის ერვან ხანგულიანცის ფოტოგამოფენას დაესწრო.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება კომპანია RMG-ის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართა.
ფოტოგამოფენა აჩვენებდა 20-იანი წლების ბოლნისის ცხოვრებას, ხოლო ფილმი მაყურებელს აცნობს თანამედროვე ბოლნისსაც. უნიკალურ არქიტექტურას, აღდგენილ მეღვინეობას, ადგილობრივ მეღვინეებსა და მათ ნაწარმს, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა ქართული-გერმანული ღვინის სახლს.
„დავესწარი თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული ფოტოების ამბავი“ პრემიერას და ამ დრომდე უცნობი ბოლნისელი ფოტოგრაფის ერვან ხანგულიანცის ფოტო გამოფენას.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა ბოლნისის მრავალფეროვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა და გაგვიცოცხლა ჩვენი ქალაქის 200 წლის წინანდელი ცხოვრება ქართველებისა და გერმანელების ყოველდღიური ყოფა.
„დაკარგული ფოტოების ამბავი“ შთამბეჭდავი და ემოციური ნამუშევარია, რომელიც ბოლნისის წარსულს აცოცხლებს.
მადლობა კომპანია RMG-ს და ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვანი ისტორიის გაზიარებისთვის“- განაცხადა გიორგი სვანიძემ
ფილმი, რომელიც თომა ჩაგელიშვილმა კომპანია არემჯის მხარდაჭერით 2025 წლის შემოდგომას გადაიღო, მოგვითხრობს XIX–XX სს.–ის კატარინენფელდსა (ახლანდელი ბოლნისი) და თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთი უძველესი სახლის სხვენში აღმოჩენილი ფოტო-არქივის შესახებ, სადაც ასახულია გერმანელი კოლონისტებისა და ქართველების ყოველდღიური ცხოვრება, ადათ-წესები და საქმიანობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალა“-ს თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.