შალვა პაპუაშვილი: “ლელო” უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს და დგება იქ, სადაც “ნაცმოძრაობაა”
„დღეს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო რეფორმის პაკეტი და ამით დასრულდა რამდენიმე თვიანი მუშაობა.
საბოლოო ჯამში, მივიღეთ პაკეტი, რომლითაც 6 სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც შეეხება: საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიას, ხმის მიცემის პროცედურას, ხმების დათვლის პროცედურებს და საარჩევნო დავებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი 20 განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სარეფორმო პუნქტს შეიცავს, და მათგან მხოლოდ 5 პუნქტია 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული, 15 პუნქტი კი სამუშაო ჯგუფმა მუშაობის პროცესში გამოავლინა და შეათანხმა. „მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეებმა დღეს მხარი დაუჭირეს რეფორმის პაკეტს, თუმცა, ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ პარტია „ლელომ” მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს.
ის გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების ერთადერთი ხელმომწერი პარტია, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს.
ამით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმულია, რომ პარტია „ლელო” უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს და დგება იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა”,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი – კანონის იმპლემენტაციაა.
„დარწმუნებული ვარ, რომ იმპლემენტაციის პროცესი, ასევე თანხმობით წავა. ეს კანონი და მასში გაწერილი პროცედურები არ დატოვებს არცერთ ღია კითხვას და გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.