ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ – ვთვლით, რომ ტესტირება უნდა იყოს რეგულაცია და არა – რეკომენდაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ.

მისივე თქმით, ტურისტების ტესტირება რეგულაცია უნდა იყოს და არა – რეკომენდაცია.

„მნიშვნელოვანია, ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადადაა აცრილი საქართველოში დამატებით იყოს გატესტილი. მსგავსი პრაქტიკები სხვა ქვეყნებშიცაა. ვთვლით, რომ რეგულაცია უნდა იყოს და არა – რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები