აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებში 20 მილიონი დოლარის ინვესტიაციას განახორციელებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში.

მიღებული თანხა მოხმარდება ტირაჟირებული ევრობონდების რეფინანსირებას, რომელიც რკინიგზის ხაზების გაუმჯობესებისთვის იქნა გამოშვებული და მიმდინარე მოდერნიზაციის შემადგენელი ნაწილია. ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.
ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი მწვანე ობლიგაციების ნაწილს. ეს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ორგანიზაციის და ამავდროულად სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანს ქმნის. მწვანე ობლიგაციების გამოშვება საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს განაგრძოს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია, რადგან ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი და უსაფრთხო სარკინიგზო ტრანსპორტი“,- განაცხადა შანტანუ ჩაკრაბორტიმ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების დირექტორმა. „ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერას წინ უძღოდა ADB-ის ტექნიკური დახმარება, რომელიც საქართველოს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დაგეგმვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,“ – განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.
საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ტრანსპორტის ორგანიზაციების ისტორიაში, საქართველოს რკინიგზამ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციამ ინვესტორების დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც პანდემიით გამოწვეულ ამ უჩვეულო ვითარებაში საქართველოს რკინიგზას კაპიტალურ ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება. მადლობას ვუხდით ADB-ის, რომელმაც როგორც წამყვანმა ინვესტორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები