„16 წლამდე ასაკის უბილეთო მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა დაატოვებინონ“ – სტუდენტები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

“16 წლამდე ასაკის უბილეთო მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა დაატოვებინონ, მათ მგზავრობის დასრულების საშუალება უნდა მიეცეთ”, – ამის შესახებ იმ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა პარლამენტში შეიტანეს.

აღნიშულთან დაკავშირებით სტუდენტებმა – თამარ ბოლოთაურმა და თიკო ქოქრაშვილმა მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრეს.

მათი თქმით, შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა შევიდეს.

„პარლამენტის რეგლამენტის 150- ე მუხლის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება შევიმუშავეთ. გვსურს, რომ 16 წლამდე ბავშვებს, მოზარდებს, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაატოვებინონ. ამ ინიციატივაზე ბატონ კახა ძაგანიასთან ერთად ვიმუშავეთ.
გვინდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, 130-ე მუხლში დამატებით ქვეპუნქტად შემდეგი შევიდეს: რომ 16 წლამდე ასაკის მგზავრს ბილეთის არქონის შემთხვევაში მიეცეს საშუალება, დაასრულოს მგზავრობა და კონტროლის განმახორციელებლ პირს მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გაძევება აეკრძლოს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანში მსგავს პრობლემებს ვაწყდებით. ვფიქრობ, ამ ქვეპუნქტის დამატება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თიკო ქოქრაშვილმა.

თამარ ბოლოთაურის თქმით, ინიციტივის მიზანი ბავშვების უსაფრთხოების დაცვაა.

„რატომ გადავწყვიტეთ ამ საკანონმდებლო წინადადების შემუშავება: ხშირია ისეთი ფაქტები, როცა უბილეთო მგზავრებს ავტობუსიდან უშვებენ. გვინდა, ბავშვების უფლებები დავიცვათ. გასათვალისწინებელია მშობლის ინტერესიც, რომელსაც ჰგონია, თავის შვილი უსფრთხოდაა, ამ დროს კი ხდება ხოლმე ისე, რომ ბავშვს ავტობუსიდან უშვებენ. ასეთი შემთხვევა  შეიძლება, ლეტალურადაც დასრულდეს. მაგალითად, ბავშვმა გადაირბინოს გზაზე და მანქანა დაეჯახოს. ბავშვის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ეს სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა.
ასევე, ხშირად ჩნდება კითხვა: ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ბავშვები გათამამდებიან და ბილეთს არ აიღებენ, რადგან მათ ავტობუსიდან არ ჩაუშვებენ. ამ დროს ორი სამართლებრივი სიკეთის შედარება ხდება: ერთია, როცა ბავშვი არღვევს კანონს და უბილეთოდ მგზავრობს, მეორე საკითხი კი ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს უკანასკნელია უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე. დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ წინადადებას პარლმანეტარები განიხილავენ და კოდექსში შესაბამის ქვეპუნქტს შეიტანენ“, – განაცხადა ბოლოთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები