„იძულებით ნიშნობა კანონით დასჯადი უნდა გახდეს“ – რას ითვალისწინებს სტუდენტების მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება

იძულებით ნიშნობა კანონით დასჯადი უნდა გახდეს – ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა პარლამენტში შეიტანეს.
როგორც სტუდენტმა, ელენე ჭიპაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მოზარდები იძულებითი ნიშნობის მსხვერპლნი დღესაც ხდებიან.

სტუდენტების ინიციატივის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს.

„ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მიზანი იმ არასრულწლოვანი მოქალაქეებისა და ბავშვების დახმარებაა, რომლებიც დღემდე, 21-ე საუკუნეშიც კი იძულებითი ნიშნობის მსხვერპლნი არიან. შორს რომ არ წავიდეთ, შემიძლია, 2021 წლის 8 თებერვლის მაგალითი მოგიყვანოთ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც 11 წლის მოზარდი გოგონა 15 წლის მოზარდ ბიჭზე ინიშნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, იძულებით მოხდა. სამართალდამცველებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მუშაობა დაიწყეს. საქმე განიხილებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 150- ე მუხლით. საგულისხმოა, რომ ეს გამოძიება იძულებით ქორწინების მუხლის მიხედვით წარიმართა. ეს არის 150 -ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილი, რომლის „ა“ ქვეპუნქტი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს. ეს კონკრეტული მაგალითი ცხადყოფს, რომ შსს-მ ქორწინების იძულებასთან დაკავშირებული რეგულირება გამოიყენა და არა – ნიშნობის იძულებასთან დაკავშირებული, რადგან ამ უკანასკნელის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი.

არასრულწლოვნის ნიშნობის იძულება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს, რადგან როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს რაიმე ქმედების განხორციელებას აიძულებს, აქ უკვე დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე და ეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ეწინააღმდეგება.
ნიშნობის იძულება კონსიტუტუციის მეთორმეტე მუხლსაც არღვევს, რაც ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას გულისხმობს.

რა არის ჩვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში – როგორც აღვნიშნე, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია 150-ე მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას ითვალისწინებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 150-ე მუხლის მეორე პრიმა მუხლი, რომელიც ნიშნობის იძულებას შეეხება. ნიშნობის იძულება დასჯადი უნდა იყოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200- დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე“, – განაცხადა ელენე ჭიპაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები