რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ღია ცის” შეთანხმებაში არ დაბრუნდება

ვაშინგტონი “ღია ცის” შეთანხმებაში არ დაბრუნდება, – თავდაპირველად შესაბამისი ინფორმაცია Associated Press-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს, სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილემ ვენდი შერმანმა აცნობა.

რუსეთის საგარეო უწყებაში ინფორმაცია დაადასტურეს. მოგვიანებით, კი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაადასტურეს. ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ რუსეთმა შეთანხმების პირობების შესრულებას არ მიუბრუნდა.

”ხელშეკრულების განხილვის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატები არ აპირებს მასში დაბრუნებას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ მიიღო რაიმე ზომები, რათა პირობების შესრულება დაეწყო. გარდა ამისა, რუსეთის ბოლოდროინდელი საქციელი, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, არ შეესაბამება პარტნიორის ქცევას”, – აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა 2020 წლის მაისში დაიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.

2021 წლის 15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის შიდა პროცედურებს იწყებენ.

11 მაისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებას დოკუმენტის დენონსირების კანონპროექტი წარუდგინა. 17 მაისს ფედერალური კრების ქვედა პალატამ – სახელმწიფო დუმამ, შეთანხმების დენონსირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა, 18 მაისს ზედა პალატამ – ფედერაციის საბჭომ შეთანხმებიდან გასვლის განხილვა გადადო. როგორც რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, განხილვა 2 ივნისზე ადრე არ მოხდებოდა. აღნიშნული აიხსნებოდა იმით, რომ ვაშინგტონს შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევდნენ.

დღეს, კი, უკვე ცნობილია, რომ ფედერაციის საბჭო დენონსირების საკითხს ორშაბათს განიხილავს.

“ღია ცის” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.

აშშ-ის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, მიზეზად სახელდება ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვა. გარდა ამისა, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები