ჰუბერტ ქნირში: ახლა პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს
“ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს”,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს.
„განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციაზე. რთული ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე. ვუსურვებდი, რომ „ლელომ“, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ გააკეთონ ყველაფერი, რომ სირთულეები დაძლეული იყოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდეს კონსენსუსი, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება გადაიქცეს კანონებად. ეს არის ამოცანა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებენ, თუკი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიუდგებიან. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო სპეციფიკურ კანონებზე ან იმ წინადადებებზე, რომლებიც განიხილება. ჩვენ ვიცით, რა არის შარლ მიშელის გეგმაში. ვიცით, რას მოიცავს 19 აპრილის შეთანხმება. ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.