მკაცრი რეჟიმი და ჩაკეტილი სივრცე – წონის დაკლების ბანაკები ჩინეთში
ჩინეთში არსებობს წონის დაკლების ბანაკები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში „ციხეებს“ უწოდებენ.
მედიისა და მონაწილეთა მონათხრობების მიხედვით, საუბარია კერძო ან ნახევრადკომერციულ ინტენსიურ წონის დაკლების ცენტრებზე, სადაც ადამიანები საკუთარი ნებით რეგისტრირდებიან და წინასწარ აფორმებენ კონტრაქტს.
ბანაკებში მოქმედებს მკაცრი ყოველდღიური რეჟიმი, რომელიც მოიცავს მრავალსაათიან ფიზიკურ დატვირთვას, კონტროლირებად კვებასა და პროგრამის განმავლობაში ტერიტორიის დატოვების შეზღუდვას. ერთი თვის ყოფნის ღირებულება, დაახლოებით, 1000 დოლარია.
ცალკეულ შემთხვევაში მონაწილეები აცხადებენ, რომ ვარჯიში დღეში რამდენიმე საათს გრძელდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში რეჟიმი ზოგჯერ „12-საათიან ვარჯიშად“ არის აღწერილი, თუმცა ეს ყველა ცენტრისთვის უნივერსალური პრაქტიკა არ არის.
მედიის ცნობით, ბანაკების ადმინისტრაცია მიზნად ისახავს მოკლე ვადაში წონის სწრაფ კლებას. მონაწილეთა ნაწილი სოციალურ მედიაში მკაცრი კონტროლისა და დისციპლინის გამო, პროგრამებს „ციხეებს“ ადარებს.
ჩინეთში მსგავსი ცენტრების პოპულარობა სიმსუქნის მაჩვენებლების ზრდის ფონზე იზრდება, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მზარდ პრობლემად მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების გაფრთხილებით, უეცარმა და სწრაფმა წონის დაკლებამ, შეიძლება, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ჩინეთში ასეთ პროგრამებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.