“ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქი, სანქციებს დაგვიწესებს კი არა, მათი ნება რომ იყოს ტანკსაც შემოიყვანდა აქ დემოკრატიის დასამყარებლად” – პაპუაშვილი
“ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქი, სანქციებს დაგვიწესებს კი არა, მათი ნება რომ იყოს ტანკსაც შემოიყვანდა აქ დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება ამ მხრივ და ვატყობთ, რომ ამის გამკეთებლებიც კი არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ნახა რამდენიმე წლიანი თავდასხმა ქართველ ხალხზე იმისთვის, რომ საქართველოში დაესვათ მარიონეტული რეჟიმი.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე წლიანი განუწყვეტელი თავდასხმა ქართველ ხალხზე იმისთვის, რომ საქართველოში დაესვათ მარიონეტული რეჟიმი. ეს თავდასხმა მოიცავდა, როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავდასხმას, ასევე უსაფრთხოების სისტემებზე თავდასხმას. ეს ყველაფერი ორკესტრირებული იყო გარედან, სამწუხაროდ ევროპის შუაგულიდან.
შედეგი არის ის, რომ საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით და მმართველობითი ინსტიტუციების სიძლიერის მიმართულებით. გუშინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად უკან ვიხევთ, რომ ევროკავშირის 7 ქვეყანა ვუსწრებთ. არ ვიცი ეს როგორი უკან დახევაა, რომ ვუსწრებთ ევროკავშირის 7 ქვეყანას, ნატოს 10 ქვეყანას და ყველა მოლაპარაკება გახსნილ კანდიდატ ქვეყანას.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ფარსთან, ღირებულებთან აცდენასთან და ჩვენთვის ამ პროცესს მოაქვს მხოლოდ დადებითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.