არჩილ თალაკვაძე: “ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგზე არის მზადყოფნა, პროტესტი რას ემსახურება, ეს არის მთავარი კითხვა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი.

„იმ ფონზე, როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია, არ ხდება, როცა პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ხელშეკრულების ექსპერტიზა ჩატარდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტება უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასა და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები