„მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა” – გია მირზაშვილის დაბადების დღე

დღეს ქართული მხატვრობისა და პოეტური სიტყვიერების უნიჭიერეს წარმომადგენელს გიორგი მირზაშვილს 60 წელი შეუსრულდა!
ჩვენ ბედნიერება გვებოძა, რომ მისი სახით გვყავს ამოუწურავი და ბოლომდე შეუცნობელი ხელოვანი, რომლის ყოველი მორიგი გამოფენა თუ წიგნი ახალი აღმოჩენის სიხარულით გვაჯილდოვებს. ცხოვრებაში იშვიათად შევხვედრივარ მსგავსი შინაგანი კეთილშობილებისა და სულიერი სისუფთავის განსახიერებას, როგორიც არის გია მირზაშვილი და სწორედ ამ სიანკარით არის განსაკუთრებით ღირებული და მოქმედი მისი ხელოვნება.
მართალია, გია მირზაშვილმა ქვემოთ მოტანილი ეს სიტყვები ამ ოციოდე წლის წინათ მამამისზე დაწერა, მაგრამ, ჩემი აზრით, თავად მასაც ზედმიწევნით მიესადაგება: „არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე, არ უღალატია არც ერთი საკუთარი პრინციპისთვის… რომლისთვისაც მიუღებელია მოდა, კონიუნქტურა, პატივმოყვარეობა… რომელიც გრძნობს ფერს, ხაზს, ფორმას. სიტყვას, ბგერას… რომელიც სწვდება არსს”…
გია მირზაშვილის ნებისმიერ ნამუშევარს იდუმალება გამოარჩევს, რომელსაც იოლად ვერ მოსცილდები, რადგან იგი მუდამ უღრმავდება საგნის არსს. ამდენად, ეს არ არის მხოლოდ სასურათე სიბრტყეზე გამოსახული საგნები ან ნივთები, მათში უმალ კოსმიური სული და ნათება სჭარბობს. გია მირზაშვილის პეიზაჟებისა თუ ნატურმორტების არაამქვეყნიური, ციური სხეულების შესაფერი ფერთა გამაც ამის გამოძახილია.
თუ ქართულ პოეზიაში ქარი ყველაზე ხელშესახებად და მძაფრად გალაკტიონმა გადმოხატა, ქართულ მხატვრობაში უპირატესობა ამ მხრივ გია მირზაშვილს ეკუთვნის, იგი ერთგულებს გალაკტონის ესთეტიკას და, თავის მხრივ, ქარის უაღრესად შთამბეჭდავ ფერით და დინამიკურ შესატყვისს ქმნის.
და მაინც, რა ქმნის გია მირზაშვილის მთავარ ღირებულებას, რით არის იგი მნიშვნელოვანი მხატვარი გლობალური მასშტაბით?! აქ ერთი ძველი ინტერვიუდან მახსენდება მისი ნათქვამი: „ბავშვობაში ხატვისას შენს თავს ვერ აკონტროლებ, მუხრუჭები არ გაქვს…სწავლის პერიოდში გავლენას განიცდი. აკადემიაში არაჩვულებრივი პედაგოგები მყავდა: კოკი მახარაძე, გოგი თოთიბაძე, გურამ ნავროზაშვილი. შემდეგ ცდილობ, ამ ყველაფერს თავი დააღწიო და შენს თავს ეძებ, ანუ ცდილობ ბავშვობას, ბავშვის უშუალობას დაუბრუნდე“…
დღემდე არ მტოვებს პირველი შოკი, რომელიც ჩემში ათელი წლების წინ გამოიწვია ქიაჩელზე, მირზაშვილების მისაღები ოთახის კედელზე დაკიდებულმა გიას ბავშვობისდროინდელმა ნამუშევარმა: უზარმაზარ თეთრ ფურცელზე შავი ტუშით შესრულებულმა ცაში აჭრილმა ფრანებმა და დირიჟაბლებმა. აქ ასობით ობიექტია განფენილი ცის კაბადონზე, თითქოს გალაკტიკაში გაბნეული ციური სხეულების საპარადო ცერემონიალს ვუმზერთ. ვფიქრობ, ეს არის გია მირზაშვილის უძლიერესი ნამუშავარი, ნამდვილი შედევრი, რომელიც მან ათი წლის ასაკში შექმნა.
მას შემდეგ ხუთმა ათეულმა წელიწადმა განვლო, გიას არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა და მუდამგვანებივრებს ახალი გამოფენებით და ბოლო ორი ათეული წელიწადია, უკვე ლექსების კრებულებით.
განსაკუთრებით ამაღელვა გიას ახალმა ნატურმორტმა, რომელიც მან პანდემიის მძვინვარების ჟამს შექმნა და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ქართულ ხელოვნებაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ საგამოფენო გალერეას დაამშვენებს.
ეს არის ყველაზე ტრაგიკული და, ამასთან, ყველაზე ოპტიმისტური ნამუშევარი, რაც კი კოვიდს მიძღვნია ხელოვნებაში. შავი ფონი განსაკუთრებით აძლიერებს და ხაზს უსვამს წითელი ვარდებისა თუ პიონების ტრაგიკულობამდე ამაღლებულ მშვენიერებას. ეს თაიგული, რომელიც თავისი იმიჯით კოვიდის ცნობილ სიმბოლოსაც მოგვაგონებს, უმალ იძენს კოსმიურ განზომილებას და იგი ვაჟა-ფშაველას ფილოსოფიამდე მაღლდება:
„ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქმნელია ავისა…
საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა…
მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა”.

                                                                              გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები