მამუკა არეშიძე: არ მგონია, ისრაელ-პალესტინის კონფლიტი მხოლოდ “ჰეზბოლას” ან რომელიმე სხვა პალესტინური რადიკალური ორგანიზაციის ინიციატივა იყოს, ჩემი აზრით, ამ დაპირისპირებას სხვა დამკვეთები ჰყავს
“არ მგონია, ისრაელ-პალესტინის კონფლიტი მხოლოდ “ჰეზბოლას” ან რომელიმე სხვა პალესტინური რადიკალური ორგანიზაციის ინიციატივა იყოს, ჩემი აზრით, ამ კონფლიქტს სხვა დამკვეთები ჰყავს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პალესტინური რადიკალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ფულს სამხედრო მოქმედებების გაჩაღებისთვის იღებენ, ამიტომაც, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში არიან.
,,სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის ამოწურვის უახლეს პერსპექტივას. ვერ ვხედავ იმიტომ, რომ რაც ხდება, არ მგონია, მხოლოდ “ჰეზბოლას” ან რომელიმე სხვა პალესტინური რადიკალური ორგანიზაციის ინიციატივა იყოს. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტს სხვა დამკვეთები ჰყავს. არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი ყალიბდება. აქედან გამომდინარე, არა მარტო მსოფლიო, არამედ რეგიონული მოთამაშეებიც ცდილობენ, ამ ვითარებით რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ. ისრაელი არ არის ამჟამად ამ კონფლიქტის ასეთი გამწვავებით დაინტერესებული, მაგრამ ზოგიერთი მისი მეზობლის ინტერესებში ნამდვილად არის. მათ მისცეს პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს ვითარების გამწვავების საშუალება, რაც გამოიხატება როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე იარაღის მასობრივ მიწოდებაში და ეს წლებია გაგრძელდება. იცით, ალბათ, ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს იარაღით დატვირთული გემი. ასეთი გემი უამრავია, ნაწილი სწორედ “ჰეზბოლას” და მის მსგავს ორგანიზაციებს ამარაგებს. ამის შედეგს ვხედავთ ბოლო დღეებში – სარაკეტო შეტევები არ წყდება ისრაელზე. მართლაც გასაოცარია რეგიონის მილიტარიზაციის ხარისხი…
მოგეხსენებათ, “მოსადი” მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურაა და მიკვირს, ეს როგორ არ აღკვეთა? მათ ან გამოეპარათ ეს პროცესები, ან იცოდნენ, მაგრამ ხელი ჰქონდათ შებორკილი საერთაშორისო შეთანხმებებით.
სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევალია, განსაკუთრებით პალესტინელები. ვერც წარმოიდგენთ, რა სიმდიდრეში ცხოვრობენ ამ პალესტინური რადიკალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ისინი ფულს სწორედ სამხედრო მოქმედებების გაჩაღებისთვის იღებენ, ამიტომაც მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში არიან. ყატარი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა აქტიურობენ და ახალისებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, ეს გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამ კონფლიქტში ძირეული გარდატეხა არ მოხდება. ისრაელმა გამოაცხადა სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზეც. ეს იქნება ურთულესი ოპერაცია, ღაზის სექტორში შესვლა ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს მოუტანს.
ისრაელის არმია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარებით და რაც უმთავრესია, იდეოლოგიით, რაც დამყარებულია იმაზე, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და მორჩა. ამას ემსახურება ყველაფერი ისრაელში. ასეთივე ვითარება რომ გვქონდეს საქართველოში, ბევრად ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით.
როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესებში მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. დააკვირდით თურქეთის აქტიურობას. ერდოღანმა განაცხადა, ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია ეს კონფლიქტი მოვაგვაროთო. წარმოიდგინეთ, რუსეთი მართლაც რომ მომრიგებელი გახდეს, რა შეიძლება მოხდეს. კრემლში ისე გაიტრუნნენ, მგონი, მართლა ელიან მიპატიჟებას. სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა. ის წლების განმავლობაში ცდილობდა დაბრუნებულიყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ-სამხედრო სივრცეში ისე, როგორც ადრე საბჭოთა კავშირი იყო. სირიაში ეს მოახერხა, ახლაც აუცილებლად ეცდება თავისას. ვიზიარებ საერთაშორისო ექსპერტთა შეშფოთებას იმის გამოც, რომ ამ კონფლიქტმა შეიძლება გააქტიუროს ტერორისტული ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით.
მამუკა არეშიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აისახოს აღნიშნული კონფლიქტი საქართველოზე. მისი თქმით, თუ ჩვენი მოკავშირეების ჩარევამ ნაყოფი არ გამოიღო, ეს საქართველოზეც იმოქმედებს.
,,ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს უპირველესად ჩვენს მოკავშირეებზე. დიდი გამოცდა ელის მათ თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო პოტენციალს, დიპლომატიას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული… ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენმა მოკავშირეებმა წააგეს, შედეგად კი სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში მათი გავლენა მაქსიმალურად შეიზღუდა. იგივე ვითარება არ მინდა განმეორდეს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისრაელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ბევრად დიდი სუბიექტია. ამერიკა ინიციატივის ხელში აღებას აპირებს, უკვე გაგზავნეს თავისი წარმომადგენლობა, ვნახოთ, რა იქნება. თუ ჩვენი მოკავშირეების ჩარევამ ნაყოფი არ გამოიღო, ეს საქართველოზეც იმოქმედებს. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებია და ჩვენ შიდა გარჩევებით ვართ დაკავებული. ეს ურთულესი რეგიონული ვითარება ჩვენი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ბაკქანალიის გამო ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.