თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა დღეს გაიმართება

20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მიმდინარე წლის 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები