დავით ქართველიშვილი: პუტინი და სააკაშვილი შეხმატკბილებულ ტანდემში მოქმედებდნენ, სადაც ორივე მხარეს საკუთარი გადასაჭრელი ამოცანები ამოძრავებდა
“მათგან ვინმეს კიდევ რამე სწყინს? როდესაც ვწერთ – რომ თავის დროზე არც კარელ დე გიუხტის, არც ჯონ ტეფტის, არც ბენიტა ფერერრო ვალდნერის, არც კონდოლიზა რაისის არაერთი შთაგონება არ შეისმინეს – უარი ეთქვათ მაპროვოცირებელ რიტორიკაზე, რუსეთის წაქეზებაზე საომარი მოქმედებებისაკენ?”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი წერს და “ევროპული საქართველოს” ლიდერს, სერგი კაპანაძეს პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყანა.
მისი თქმით, პუტინი და სააკაშვილი შეხმატკბილებულ ტანდემში მოქმედებდნენ, სადაც ორივე მხარეს საკუთარი გადასაჭრელი ამოცანები ამოძრავებდა.
,,როდესაც დავიღალეთ იმის მტკიცებით, რომ პუტინიც და სააკაშვილიც შეხმატკბილებულ ტანდემში მოქმედებდნენ, სადაც ორივე მხარეს საკუთარი გადასაჭრელი ამოცანები ამოძრავებდა – რუსეთს – საქართველოს ნაწილის ოკუპაციით და იქ სამხედრო ნაწილების განლაგებით ქვეყნის პროდასავლური ინტეგრაციის პროცესები უნდა შეეჩერებინა, ხოლო სააკაშვილს – თავის ფინანსურ პირამიდაში ჩადებული თანხების ლეგალიზაცია, ომით მიღებული ზარალით უნდა განეხორციელებინა! და ყოველივე ამის შემდეგ, რაც ომის დაწყებაშიც საკუთარი თავი ამხილეს და ამას ევროპულ დონეზე ხელი მოაწერეს – დღეს კიდევ ერთ უგუნურ დანაშაულში იძლევიან აღიარებით ჩვენებებს: ქართულმა მხარემ “მძინარე ცხინვალი” კასეტური ბომბებით მიწასთან გაასწორა, და ამას “არავინ უარყოფს”! ვინ არავინ? ამას არ უარყოფს პუტინი, არც ლავროვი, არც ნარიშკინი, არც რუდენკო, არც გავრილოვი, არც პოზნერი, არც ბიბილოვი – ანუ, “არავინ”! არა თუ არ უარყოფენ – დღეს პატრონმა თავისი ქართული რეზიდენტურიდან 9 აპრილის წინ არნახული საჩუქარი მიიღო. ახლა მთავარია – ესენი პარლამენტშიც დროზე შევიყვანოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.