ლალი ტურძელაძე – კომაში მყოფ ექთანზე: ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება
“ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება”, – ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
“პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ შემდეგ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, ეს ნიშნავს, რომ აპარატთან სინქრონშია, წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება,” – აცხადებს ლალი ტუძელაძე.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს ჩამოიყვანეს.