იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ პირობები იქნება ისეთი, რომელიც არავისთვის არ იქნება ბოლომდე ბედნიერების საფუძველი, მე ასეთ რაღაცას ველოდები ამ შემთხვევაში მედიატორებისგან
“ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არის საჭირო, მაგრამ არა იმ არგუმენტით, რა არგუმენტითაც ამას ოპოზიცია ითხოვს. იმ არგუმენტით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება”,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “დღის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს.
ხვიჩია განმარტავს, თუ რა არგუმენტებით უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
იაგო ხვიჩია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.
“ჩვენ დიდი ხანია ამას ვამბობთ, რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არის საჭირო, მაგრამ არა იმ არგუმენტით, რა არგუმენტითაც ამას ოპოზიცია ითხოვს. იმ არგუმენტით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება.
თუ რატომ უნდა ჩატარდეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი არგუმენტი გვაქვს. ამ არჩევნებამდე პოლიტიკური სპექტრი ძალიან ბევრ სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ უმალავდა საქართველოს მოსახლეობას, მათ ფაქტობრივად არჩევნების დროს არ იცოდნენ ისეთი ინფორმაცია პოლიტიკური სპექტრის შესახებ, რომელიც ამ პროცესებმა გამოავლინა, მაგალითად, ჩვენი საკუთარი თავით ვიწყებთ ხოლმე ამაზე საუბარს. ჩვენმა მხარდამჭერებმა არ იცოდნენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე წავიდოდა “გირჩიდან”, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა არ იცოდნენ, რომ ხმას აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას და მიიღებდნენ ამათ გარეშე, “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი საერთოდ სხვა იდეას უჭერდა მხარს და სულ სხვა იდეით არის შესული ხალხი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” წარსულსაც კი გაემიჯნა. “ევროპული საქართველოს” ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად გამოვიდა, რომ “ევროპული საქართველოს” არცერთი წევრი არ არის, როცა 5 წევრი შეიყვანეს პარლამენტში ამ წუთის მოცემულობით. პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ეს შეიძლება ჩავთვალოთ ამ მეათე მოწვევის პარლამენტის დადებით მხარედ, რომ მან ფაქტობრივად ლუსტრაცია მოახდინა პოლიტიკური სპექტრის და თუ კიდევ ერთ დადებით რამეს მიაღწევს, რომ კონსენსუსს, შერიგებას მიაღწევს ეს პარლამენტი, ჩვენ მერე იმის გამო რომ სხვანაირად დალაგდა პოლიტიკური სპექტრი მართლა გვჭირდება ახალი არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლა წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა, “ქართული ოცნება” თუ დასთანხმდა რიგგარეშე არჩევნებს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მედია საშუალებები იზეიმებენ არშემდგარ გამარჯვებას შინაარსობრივად და მეორეს მხრივ, რომ მოხდეს პირიქით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ ნაწილში არაფერი არ დათმოს, “ქართული ოცნება” იქნება ტრიუმფატორი და ასევე იზეიმებს რაღაცა არარსებულს. სინამდვილეში საზეიმო არის შეთანხმება. ორივე გამზადებულია იზეიმოს ისეთი რამე, რაც დამარცხებაა თავისი შინაარსით. ვფიქრობ, რომ პირობები იქნება ისეთი, რომელიც არავისთვის არ იქნება ბოლომდე ბედნიერების საფუძველი, მე ასეთ რაღაცას ველოდები ამ შემთხვევაში მედიატორებისგან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.