შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: „აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა”

„ანგარიშში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ უკვე ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების” კამპანიის უსაფუძვლობა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებში, რომელმაც შექმნა კარგი საფუძველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ამავე დროს, ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტში დაინიცირდა საარჩევნო რეფორმის პაკეტი, რომელიც უცხოელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა.

„რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში”, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით პროექტში უკვე გათვალისწინებულია:

• ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)
• საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება
• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვები
• საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალული იქნება შეკრება და ამომრჩევლების აღრიცხვა.
• უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება
• საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა
• ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანის შესაძლებლობა
• საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

„დამატებით, ის საკითხები, რომლებიც არ არის ეუთო/ოდირის დასკვნაში ჩვენ ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს, ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურად გადათვლის ვალდებულებას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა ამ უბნებზე საჩივარი ასევე, ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს ამასთან, როგორც იცით, სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტმა, საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღოს კანონპროექტი და ასევე, ამ კანონპროექტს გავუგზავნით ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავად კანონპროექტზე მივიღოთ მათი დასკვნები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები