იანუშ კორჩაკი – უდიდესი ადამიანი და სამაგალითო მასწავლებელი

ბიოგრაფიული ცნობები: იანუშ კორჩაკი – ნამდვილი სახელი ჰენრიხ გოლდშმიტი.

- რეკლამა -

- რეკლამა -

დაიბადა 1878 ან 1879 წლის 22 ივლისს ვარშავაში[9] ინტელიგენტი ასიმილირებული ებრაელების ოჯახში და საერთოდ არ იცოდა არც ივრითი და არც იდიში. კორჩაკის ბაბუა ჰირშ გოლდშმიტი, ექიმი იყო ებრაულ საავადმყოფოში და აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „Ha-Maggid“-დთან, მამამისი, იუზეფ გოლდშმიტი (1846-1896 წწ.), განათლებით იურისტი იყო და პოლონურ ენაზე აქვეყნებდა ნამუშევრებს იუდაიზმის შესახებ.

კორჩაკი სწავლობდა ვარშავაში მდებარე რუსულ გიმნაზიაში, სადაც გამეფებული იყო მკაცრი დისციპლინა. თეატრში წასვლა ან არდადეგებზე სახლში გამგზავრება, მხოლოდ დირექციის წერილობითი თანხმობის შედეგად შეიძლებოდა. სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, უკვე პირველი კლასიდან სწავლობდნენ ლათინურს, მეორე კლასიდან – ფრანგულსა და გერმანულს, ხოლო მესამე კლასიდან – ბერძნულს.

1889 წელს მამამისს ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშნები აღმოაჩნდა. დროდადრო მას უწევდა სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობა, რაც საკმაოდ ძვირი იყო და ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო ჰენრიხმა უკვე მეხუთე კლასიდან (15-16 წ.) რეპეტიტორობით დამატებითი თანხის გამომუშავება დაიწყო.

1898 წელს კორჩაკი ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. პარალელურად სწავლობდა იატაკქვეშა უმაღლეს კურსებს[10]. 1899 წლის ზაფხულში შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა იოჰან პესტალოცის პედაგოგიურ იდეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. თავისი მოგზაურობის დროს კორჩაკი განსაკუთრებით სკოლებით და საბავშვო საავადმყოფოებით ინტერესდებოდა.

1903-1911 წლებში ბერსონოვისა და ბაუმანის სახელობის ებრაულ საბავშვო საავდმყოფოში მუშაობდა და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას საზაფხულო ბანაკებში. იანუშ კორჩაკი იყო ობოლი ბავშვების დახმარების ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. 1905 წლის 23 მარტს მიიღო ექიმის დიპლომი. სამხედრო ექიმის ხარისხით მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1907 წელს ერთი წლით მიემგზავრება ბერლინში სადაც ისმენდა ლექციებს, გადიოდა პრაქტიკას საბავშვო საავადმყოფოებში და ეცნობოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სტაჟირებაზე იმყოფებოდა ასევე საფრანგეთში და ინგლისის ბავშვთა თავშესაფრებში.

1911 წელს კორჩაკმა მიატოვა სამედიცინო საქმიანობა და ებრაელი ბავშვებისათვის კროხმალნის ქუჩაზე „ობოლთა სახლი“ გახსნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე (1914-1918 წლების გამოკლებით).

1942 წელს „ობოლთა სახლის“ დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. კორჩაკმა უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია.


„ყველა ადამიანი არამზადა როდია“…

-ეს სიტყვები უთხრა ფაშისტებს იანუშ კორჩაკმა, ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში…

პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა იანუშმა მიიღო პოლონეთში დარჩენის გადაწყვეტილება ქვეყნის ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე, იმისათვის, რომ არ დაეტოვა „ობოლთა სახლი“ ბედის ანაბარა ფაშისტებთან მოსალოდნელი ომის წინ.

მეორედ- მაშინ, როცა მან უარი თქვა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე, ხოლო მესამედ- იანუშმა უარი თქვა თავისი თავის გადარჩენაზე მაშინ, როცა „ობოლთა სახლის“ ყველა მკვიდრი საკონცენტრაციო ბანაკში მიმავალ მატარებელში ავიდა.

ამ დროს კორჩაკთან მივიდა ესესის ოფიცერი და ჰკითხა:

-ეს თქვენ დაწერეთ „მეფე მათეუში“? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.

– და ბავშვები? – იკითხა იანუშმა.

-ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება– მიუგო ოფიცერმა.

-არა, ცდებით, არ შემიძლია… ყველა ადამიანი როდია არამზადა.

ასეთი იყო კორჩაკის პასუხი.

რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა ელოდათ წინ…

ის თვლიდა, რომ ბავშვამდე მისაწვდომად დახრა კი არა, ფეხისწვერებზე შედგომაა საჭირო; რომ კანონები, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას და მერე გავრცელდეს უფროსებზე; რომ ყველაფერი, რასაც ბავშვთან ურთიერთობაში მიაღწევ ზეწოლითა და თუნდაც, უმნიშვნელო ძალადობით, არასწორი, არამდგრადი და დროებითია; რომ ბავშვი, პირველ რიგში, ადამიანია და მერეა უკვე ბავშვი და იმსახურებს პატივისცემას და გულწრფელ სიყვარულს, ამიტომაც დააძალო მას დაძინება, როცა სულაც არ ეძინება, ან ჭამა, როდესაც არ შია – ნამდვილი დანაშაულია.

ობოლთა სახლი

1940 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის ოკუპაციის შემდეგ ბავშვთა სახლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ვარშავის გეტოში გადაიყვანეს. თავად კორჩაკი დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს გერმანელებთან დაახლოებული ვინმე განცვაიხის შუამდგომლობით, რომელსაც ამ ჟესტით ებრაელებში ავტორიტეტის მოპოვება სურდა. ციხიდან გამოსვლისთანავე კორჩაკი, საკუთარი ნებით, გეტოში დაბრუნდა, სადაც ყოველდღიურად ნამდვილ გმირობებს ჩადიოდა, რათა ბავშვებისთვის საკვები და მედიკამენტები ეშოვა. თანაც იმისთვის, რომ მათ არ ეგრძნოთ შიში და მოახლოებული საფრთხე, სისტემატურად უტარებდა გაკვეთილებს, თითქმის, ჩვეულებრივ რეჟიმში.

იანუშ კორჩაკმა უარყო გეტოდან გამოპარვის ყველა შეთავაზება. მისი მეგობარი, პოლონელი ჟურნალისტი იგორ აბრამოვი იხსენებდა, რომ კორჩაკისთვის ბინა და საბუთები უკვე გამზადებული იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო გეტოდან გასვლა. როდესაც იგორმა მას საშვი მიაწოდა, იანუშმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მეგობარს — „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში?“ იგორი იხსენებდა, რომ მან პასუხად მხოლოდ თავი დახარა. — „ჰო და აქ ჩემი 200 შვილია, როგორ მივატოვო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ?!“

1942 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში გეტოში მოვიდა ბრძანება „ბავშვთა სახლის“ „დეპორტაციის“ შესახებ. ბავშვების გარდა, ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში ეს სიტყვა… ბავშვები და კორჩაკი ჩასვეს მატარებლის საბარგო ვაგონებში, რომელიც ტრემბლინკის საკონცეტრაციო ბანაკის მიმართულებით გაემგზავრა. ამ მომენტიდან ბოლო წუთამდე ყველაფრის თვითმხილველი ემანუელ რინგელბლუმი (რომელიც შემდეგ გერმანელებმა დახვრიტეს) წერდა, რომ კორჩაკს სულ ბოლო მომენტშიც შესთავაზეს ბავშვების დატოვება, მაგრამ…

„იდგა საშინელი სიცხე… იანუშმა დააყენა ბავშვები ოთხრიგად, მოჰკიდა ორ მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ… გაზის კამერამდე… მას თავი ამაყად ჰქონდა აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ პოლიციელები უნებლიედ გაიჭიმნენ მის წინაშე და სამხედრო სალამიც კი მისცეს… ერთ-ერთმა მათგანმა გაკვირვებულმა მკითხა — „ეს კაცი ვინ არის?“ მე კი ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ვტიროდი…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები