სოხუმში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – შეკრებილები “საქართველოში” ბჟანიას ყოფილი მრჩევლის ვიზიტს აპროტესტებენ
სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც “საქართველოში” ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ე.წ. კანონმდებლებთან ოთხი დელეგატი გაგზავნეს, რომ მოხდეს ვითარების შეფასება.
ამის შემდეგ, ცოტა ხნის შემდეგ შეკრებილებთან ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერი – ვალერი ქვარჭია გავიდა, რომელმაც თქვა, რომ კვირაიას საკითხი ოპოზიციის წარმომადგენლებთან არის განხილული.
“ვითარება ოპოზიციის ლიდერებთან განვიხილეთ და გადაწყდა, რომ 3 მარტს საკითხთან დაკავშირებით სხდომა ჩატარდება. ვითარებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია პირველ მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ბენურ კვირაია სადღეგრძელოს ამბობს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე საუბრობს.
შექმნილი ვითარების ფონზე, ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბენურ კვირაიამ ჯერ კიდევ 19 თებერვალს დატოვა თანამდებობა.