ვინ მოიმკის ყარაბაღის ომის შედეგებს კავკასიაში

არაბული სამყაროს ინტერესებზე კავკასიაში, ყარაბაღის ომის შემდეგ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, თანხებზე, რომელსაც არაბული სამყარო კავკასიაში პოლიტიკური ჯგუფების მოსასყიდად ხარჯავს – ,,კვირა“ გთავაზობთ Iberia Press-ის კორესპონდენტის, სტენლი ჯოშის ინტერვიუს საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტ დავით იორამაშვილთან.

– ყარაბაღის ომის შემდეგ კავკასიაში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება მივიღეთ. სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ კავკასიის ახალი გადანაწილება ცხადდება ამ წლის ბლოს, სადაც ერდოღანის თურქეთი და პუტინის რუსეთი ხელახლა გადააწყობენ კავკასიის რუკას.

– მიჭირს ამაზე ლაპარაკი. საერთოდ, რუსეთსა და თურქეთს შორის კავშირი იშვიათი მოვლენა იყო აქამდე მსოფლიო ისტორიაში. დღეს კი აშკარად იკვეთება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ახალი ალიანსი ყალიბდება და ამ ალიანსს ერდოღანი და პუტინი უხელმძღვანელებენ. მათთან ერთად მოიაზრება თითქოს ირანიც – მაგრამ ირანის როლი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტ ბაიდენთან დათბობის შედეგად შეიძლება, ან საერთოდ გაქრეს ან უმნიშვნელო დარჩეს. აქ ცხადია, რომ წამყვანი სახელმწიფოები თურქეთი და რუსეთი არიან. მათ უკვე გადაინაწილეს აზერბაიჯანი, რომლის სამხრეთშიაც რუსული დანაყოფები დგას და ჩრდილოეთში კი – თურქული. კავკასიაში სამხედრო ძალების ასეთი კონფიგურაცია ჩვენ ადრე არასდროს გვინახავს. და ეს ცხადია, საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტორია. ერდოღანმა და პუტინმა დასავლეთი, პრაქტიკულად, განდევნეს კავკასიის დიდი ნაწილიდან. ახლა დარჩა მხოლოდ საქართველოს რამდენიმე პროვინცია და ჩათვალეთ საქმე დამთავრებულია. სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან აშკარად აკავშირებენ პროპუტინიტურ ძალებს. ცხადია, რომ პუტინის რეჟიმი გაბოროტებული იყო ნიკოლ ფაშინიანზე, გადაწყვიტა – შური ეძია მასზე და ყარაბაღის ტერიტორია ალიევის რეჟიმს დაუბრუნა. მაგრამ ეს ისე მოხდა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის გამოიკვეთა ახალი ალიანსი, რომელიც მსოფლიოში ბევრს აშინებს. ამ ალიანსს თუ ჩინეთიც დაემატა, ევრაზიის კონტინენტზე საკმაოდ ძლიერ ახალ კონფიგურაციასთან გვექნება საქმე. აქ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიც და ჩინეთიც აღმავლობის გზაზე არიან, რუსეთისაგან განსხვავებით, რომელსაც ბალისტიკური იარაღის დიდი მარაგები აქვს.

-ეს ალიანსი საკმაოდ ძლიერი იქნება?

– თურქეთი ცდილობს, ლიდერის პოზიცია დაიკავოს მუსლიმურსამყაროში, ამაში მისი კონკურენტია საუდის არაბეთი და არაბეთის ნახევარკუნძულის საემიროები, რომელთაც დიდძალი ნავთობის კაპიტალი უმაგრებს ზურგს. ამიტომაც, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის გაშმაგებული ბრძოლა თურქებსა და არაბებს შორის, შიდა მუსლიმური დაპირისპირება ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. სტამბლოში ჯამალ ხაშოქჯის მკვლელობის აღმოჩენა სწორედ თურქულმა სპეცსამსახურებმა მოახერხეს. ახლა უკვე ამერიკასა და დასავლეთში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სანქციები დაწესდეს საუდის რეჟიმის გარკვეულ წარმომადგენლებზე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე საუკუნის წინ არაბეთის ნახევარკუნძული ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფერო იყო. ამიტომაც, ერდოღანის პრეტენზიები ამ შემთხვევაში საკმაოდ საფუძვლიანია. თურქულმა სპეცსამსახურებმა აგრეთვე დიდი როლი ითამაშეს 2017 წლის ნოემბერში ახმად ჩატაევის ტეორორისტული ჯგუფის გაუვნებელყოფაში თბილისში. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და ჩვენ გადაგვარჩინეს დიდ ტერაქტს, რომელსაც ისლამური სახელმწიფო თბილისში ამზადებდა. ამაზე დღეს ბევრი არ საუბრობს – მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მაშინ თურქულმა სპეცსამსახურებმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს გადარჩენაში. რეალურად, ერდოღანი მაინც ბევრად უფრო პროგრესული ძალაა, ვიდრე საუდის მონარქია – და ეს ყველას ესმის.

-თურქეთი საქართველოშიც არაბულ ინტერესებს უპირისპირდება? არაბებს რა ინტერესი აქვთ საქართველოში და, ზოგადად, კავკასიაში?

-არაბულ სამყაროს ინტერესები არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში აქვს, არამედ პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. იბნ საუდის სამეფო თავს მუჰამედის მემკვიდრედ და ისლამის მთავარ პროტაგონისტად მიიჩნევს და მთელი მსოფლიოს ,,მორჯულებისთვის“ გამართულ ჯიჰადში თავს მთავარ ძალად წარმოაჩენს. პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის მიერ დაწყებულ რეფორმებში აგრეთვე ჩანს, რომ არაბი ემირები ემზადებიან არაბული იმპერიის, ანუ ხალიფატის აღდგენისათვის. ხალიფატის მთავარი იდეოლოგიური ღერძი გადის სალაფისტურ რელიგიურ დოქტრინაზე და იბნ საუდის სამეფოში ვაჰაბიზმი, ექსტრემისტული ისლამი, ოფიციალური რელიგიაა. ამ პროექტში არაბული ნახევარკუნძულის სხვა საემიროებიც მონაწილეობენ. ყველას, ვინც გვარად ,,ზაედი“ ან ,,საიდია“, მუჰამედის პირდაპირ მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია. წინასწარმეტრყველ მუჰამედს, მოგეხსენებათ, უამრავი კანონიერი და უკანონო შვილი ჰყავდა. მარტო ყურანის მიხედვით თუ დავიანგარიშებთ, მუჰამედის ათასობით შთამომავალს მივიღებთ. არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი, ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი აგრეთვე მუჰამედის შთამომავლად ითვლება. მის ოჯახს საკუთრებაში აქვს 150 მილიარდი აშშ დოლარის ქონება. სწორედ ის განაგებს კავკასიის საქმეებს არაბულ სამყაროში და მის ინტერესებშია სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება ,,კავკასიის იმარატში“. ამისათვის საჭიროა კავკასიის ემირატის ტერიტორიების გამოხსნა ქრისტიანი ,,ურჯულოებისგან“. სალაფიტური ექსპანსია ამ ეტაპზე ხორციელდება ფინანსური სახსრების გამოყენებით და მას მეტოქეობას უწევს როგორც რუსული, ისევე – თურქული კაპიტალი. დასავლეთს საქართველოში დღეს იმხელა თანხები არ აქვს ჩადებული, როგორც ამ სამ დიდ იმპერიულ ცენტრს. აქედან გამომდინარე, საქართველო დღეს მეტად მოწყვლადია ამ ექსპანსიისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ თურქეთი კავკასიაში აწონასწორებს არაბების ფინანსურ ექსპანსიას და მთელი კავკასიის გავსებას სალაფიტური რელიგიურ-სამხედრო ბანაკებით. ეს ექსპანსია დღეს საქართველოში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ძალიან საშიში ტენდენციაა და ამ შემთხვევაში ერდოღანის თურქეთი ცდილობს, დააბალანსოს მდგომარეობა, თუმცა, რუსეთთან ალიანსის გარეშე რთულია, ფინანსურად შეეჯიბრო მსოფლიოს ნავთობის კაპიტალის ერთ-ერთი უდიდეს კონცენტრაციას. ბინ ზაედების ოჯახი საქართველოზე პრეტენზიას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აცხადებს – არაბი ემირებისათვის საქართველო, ისევე როგორც მთელი კავკასია, მხოლოდ დაკარგული ტერიტორიაა და არა – უცხო სახელმწიფო. ყველა ვაჰაბიტის წმინდა ვალია, ,,გურჯისტანი“ დაუბრუნოს ხალიფატს, რომლის საზღვრებიც საკმაოდ ტერიტორიას მოიცავს და მათს შორის მთელს კავკასიასაც.

-საქართველოში თურქეთის ელჩმა რამდენიმეჯერ გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად ოპერირებენ ტერორისტები და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ისლამის სალაფიტი წარმომადგენლები. ქალბატონი ელჩის ინფორმაცია ბოლო ხანებში დადასტურდა კიდეც.

-ქალბატონი თურქეთის ელჩი საქართველოში თავისი საქმის არაჩვეულებრივი სპეციალისტია და საქართველოს დიდი მეგობარი. ამ ქალბატონმა და მისმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში საქართველო რამდენიმეჯერ გადაარჩინა ტერორისტულ აქტებს და სამოქალაქო ომსაც კი.
– ქალბატონმა ელჩმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ახმად ჩატაევის ტერორისტული აქტების შესახებ და სწორედ მისი სახელმწიფოს დიდი დახმარებით მოხერხდა 2018-18 წლებში ისლამური სახელმწიფოსა და ,,კავკასიის ემირატის“ მნიშვნელოვანი ოპერაციების ჩაშლა. განზრახული იყო რამდენიმე ადგილას დიდი ტერორისტული აფეთქება და ქვეყნის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია. ამის თავიდან აცილებაში საქართველოს ქალბატონი თურქეთის ელჩი დაეხმარა – ამისთვის მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

-სამეფო პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი თუ მონაწილეობს ამ ქმედებებში? არაბეთის გაერთიანებული საემიროების აქტიური მონაწილეობა გამორიცხავს საუდის სამეფოს ინტერესს საქართველოში?

-არანაირად არ გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ეს ერთი დიდი ,,უმმას“ წევრები არიან, რომელთაც ისლამის ყველაზე ექსტრემალური განშტოება აქვს იდეოლოგიად არჩეული. კავკასია მათი მეზობელი რეგიონია და დიდი არაბეთის იმპერიის განუყოფელი ნაწილი – ხალიფატის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. არაბი შეიხები აქტიურად მუშაობენ აზერბაიჯანშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უფრო სეკულარული შიიზმის წარმომადგენელია, მაგრამ იქაც ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ახალი სალაფიტური მედრესეების აშენებისათვის. არაბ შეიხებს ფესვები გადგმული აქვთ არა მხოლოდ აზერბიაჯანის ტერიტორიაზე, არამედ – საქართველოშიც, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებშიაც. ისინი ძალიან აქტიურები არიან გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში. ცხადია, ჩვენი აზერბაიჯანელი, ირანელი და თურქი პარტნიორები ცდილობენ, ნაკლებად ექსტრემისტული ისლამი გაავრცელონ ამავე ადგილებში, მაგრამ სალაფიტები ძალიან სწრაფად და ეფექტურად ოპერირებენ და საუკეთესო პროპაგანდისტული მანქანაც აქვთ. მათი ცენტრები დღეს არა მარტო პანკისის ხეობაშია, სადაც ახმად ჩატაევს ელოდებოდნენ, არამედ – აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში და კახეთშიაც კი. და ისინი სწრაფად მრავლდებიან.

-ჰყავთ თუ არა მათ მფარველები ქართულ პოლიტიკურ წრეებში?

-ორი აზრი არ არის, რომ მათ მფარველები ჰყავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიაში. როდესაც 145-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ოჯახი ცდილობს, ქვეყანა იყიდოს, მას ამის დიდი პრობლემა არ ექნება. ამ ჯგუფებს საქართველოში ნაყიდი ჰყავთ უამრავი პოლიტიკოსი. გვაქვს ინფორმაცია, რომ 2019 წელს მათ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად საქართველოსთვის გამოჰყვეს, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი. ეს კი არც ისე პატარა თანხაა, თუნდაც, გადატრიალების მოწყობისათვის. არაბული კაპიტალის მიზანია, მაქსიმალურად გააკონტროლოს პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი საქართველოში.

-თქვენ ამბობთ, რომ ეს ჯგუფები გადატრიალებასაც ამზადებენ?

-მე ამას არ ვამბობ. საქმე ასე მარტივად არ არის. ამ კაპიტალის მიზანია, გააკონტროლოს სიტუაცია საქართველოში. თუკი გადატრიალება დასჭირდება ამ საქმეს – ამასაც გააკეთებაენ, თუმცა, ისინი სალაპარკო სივრცეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იტოვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ხალიფატის ჯგუფები დღეს ინტენსიურად ყიდულობენ საქართველოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლებს. სააკაშვილი მათ დიდი ხანია, ჯიბეში უზით. ამავე დროს, დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული მედიასა და არასამთავრობო სექტორში სხვადასხვა შუამავლის საშუალებით. რამდენად მოინდომებენ ისინი გადატრიალების მოწყობას, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი პოლიტიკოსის ყიდვას მოახერხებენ.

– თუ ვერ მოახერხეს ყველა იმ პოლიტიკოსის ყიდვა, ვინც მათ სჭირდებათ, მაინც ეყოფათ ძალა გადატრიალების მოსაწყობად?

-თავად განსაჯეთ – 145 მილიარდი დოლარის პატრონ ოჯახს ნამდვილად შეუძლია სრულიად საქართველოს რამდენჯერმე ყიდვა და გაყიდვა. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავყიდით ჩვენს ქვეყანას

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები