რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს დასავლეთს, რატომ გახდა ნიკა მელიას დაპატიმრება გარდაუვალი

ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტზე ,,კვირა“ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

-ნიკა მელიას დაპატიმრების ამბავი მაღაზიაში გავიგე, პურს ვყიდულობდი. დაიჭირეს ბოლოს და ბოლოსო?– თქვა გამყიდველმა და სრულიად უემოციოდ დაეთანხმნენ იქ მყოფი სხვა ადამიანებიც. არანაირი აღშფოთება საზოგადოებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრების ფაქტს არ მოჰყოლია. მელიას შეეძლო, გამხდარიყო გმირი, მოქცეულიყო ღირსეულად და გადაეხადა ჯარიმა თუ შეესრულებინა კანონის სხვა მოთხოვნა, თუმცა, ამის ნაცვლად სახელმწიფოს განუცხადა: თუ ვაჟკაცი ხარ, დამიჭირეო. როცდესაც პოლიტიკოსი ასეთ შეჯიბრში ებმება, მეორე მხარეც იძულებულია, დაამტკიცოს საკუთარი პოზიცია. ასე მოხდა მელიას შემთხვევაშიც. მსოფლიო უამრავ პოლიტიკოსს იცნობს, რომელიც სასჯელს არ გაურბის, ეს მათთვის გარკვეული პოლიტიკური პროცესების ნაწილია და ღირსეულად იხდის დაკისრებულ სახდელს.

-რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას, როდესაც პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურად დაძაბვას ცდილობდა?

-საზოგადოების მხარდაჭერის იმედი რომ არ ჰქონდათ, ცხადია. ოპოზიციის გათვლა უფრო საერთაშორისო თანამეგობრობასა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა განცხადებებზე კეთდებოდა. ახლა ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად გამოიყენებს დიპლომატთა იმ განცხადებებს, რომლებიც მელიას დაპატიმრების შემდეგ აუცილებლად გაკეთდება. დემოკრატიული ქვეყნებისთვის ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება, დაიჭირო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მართალია, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველას ყველაფერს გადავცემთო, მაგრამ ჯობდა, ჯერ ,,გადაეცა“ და შემდგომი ნაბიჯები მერე გადაედგა. იმედია, ,,ქართული ოცნება“ შეძლებს პროცესების სათავისოდ შემობრუნებას და იმ შეფასებებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ გაკეთდა, წყალს არ გაატანს. დიპლომატიურ კორპუსს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა განუმარტოს, რატომ გახდა ნიკა მელიას დაჭერა აუცილებელი.

ია დანელია

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები