ბოლშევიკური ოკუპაციის 100 წლისთავი “თბილისის დამცველთა ხსოვნის მარშით” აღინიშნა (ვიდეო)
ბოლშევიკური ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის დამცველთა ხსოვნის დღე მარშით აღნიშნეს.
მარშის მონაწილეებმა ერთდღიანი მსვლელობის ფარგლებში გაიარეს თბილისის დაცვის ხაზი – კოჯორი, ტაბახმელა, შავნაბადა, სოღანლუღი, მდინარე ლოჭინის ხეობა და ლილო. ეს ადგილები ზუსტად ასი წლის წინ საქართველოს დამცველი ახალგაზრდებისა და წითელარმიელების ბრძოლის ველი გახლდათ.
“თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში” ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის ინიციატივით მოეწყო და მანვე წარმართა მონაწილეებისათვის მცირე ისტორიული ექსკურსი. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, მათ დაახლოებით 30-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა მოახერხეს.
როგორც მონაწილეები ამბობენ, ეს გახლდათ სიმბოლური აქტი, რომლითაც, ერთი მხრივ, გაიხსენეს 1921 წლის მოვლენები და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანების ხსოვნას, მეორე მხრივ კი, საზოგადოებას შეახსენეს, რომ რუსული ოკუპაცია ჯერაც არ დასრულებულა და საქართველო კვლავ იბრძვის ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ – “შეიცვალა ბრძოლის მეთოდები, თუმცა არ იცვლება ის, რომ რუსეთი იყო და არის საქართველოს მტერი”.