ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვალდებულები ვართ, განვაგრძოთ დაფასების პოლიტიკა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დაიწყო

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროებზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტად დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, დანერგილი სიახლეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სათანადოდ დაფასება გაგრძელდება:

„სრულად განახლდა ჯარისკაცების უნიფორმა და ხარისხი არსებითად გაუმჯობესდა. სამხედრო მოსამსახურეთა კვება არის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის. 2020 წელს დაიწყო შემდეგი პროგრამები: სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების განათლების დაფინანსება, საცხოვრებელი ბინებით სამხედროების უზრუნველყოფა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე გაგრძელდება ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურის განახლების, შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების პროცესი. ბოლომდე მივა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციისა და საბჭოთა სპეცტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით დაწყებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 500 ერთეულამდე ევროპული წამყვანი ბრენდების სპეცტექნიკის შემოტანას და რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც იცით, უკვე შესრულებულია“.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების უწყვეტობა თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობას თვისობრივად სხვა სიმაღლეზე აიყვანს და საბოლოოდ იმ მიზანს მივაღწევთ, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ჰქვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები