„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ შერჩევითი დევნა ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს დიდ ზიანს მიაყენებს.
“ვეხმიანებით ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.
მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.