ნიკა მელია: არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ – არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბესა და ფარსში
“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ – არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბესა და ფარსში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრძოლაში ის მართალია და გაიმარჯვებს.
„მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი – დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბესა და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ნიკანორ მელიას გირაოს გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთი კვირა და, გადაუხდელობის შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე“.