ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობა ტაქსის ნებართვის გაუქმებას გამოიწვევს

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა, ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა  ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა, ეს ვადა უკვე ამოწურულია.

„ჩვენ  ამ პანდემიის პირობებში მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავადებულიყო, თუმცა,  დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მინდა, ვიცემერს დავავალო კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ არ იცოდა ან ვერ მოასწრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ხმალაძეს მინდა, ვთხოვო, რომ მიაწოდეთ იმ პირებს ინფორმაცია, რომლებიც ტაქსის მომსახურებას სწევენ, რათა მათ გაატარონ თავიან სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები