საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქვეშეთი-კობის გზა და 9 კმ-იანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.ამ ეტაპზე, ჩამოტვირთვა დასრულებულია და სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირება გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება.

მათივე ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთი 11 იანვრიდან ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. მსგავსი შეზღუდვები ხშირია ზამთრის პერიოდში. სწორედ ქვეშეთი-კობის გზა და უნიკალური გვირაბი მოაგვარებს ამ პრობლემას და წელიწადის ნებისმიერ დროს გადაადგილება უწყვეტად იქნება შესაძლებელი.

,,ამასთან, 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრისიგანის გვირაბი, საქართველოსა დარეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია.

გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის – TBM-ის საშუალებით. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა კი გაცილებით უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ეს ტექნოლოგია, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები