„იმედი ვახსენე და მინდა სატრფიალო პოეზიის კიდევ ერთი ლექსი-შედევრი შემოგთავაზოთ“

ძველით ახალ წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა გოგოლაური ფეისბუქის გვერდზე. სტატუსს აქვეყნებს და ყველას შეახსენებს ცნობილ ხალხურ ლექსს – „შენ ჩემო დიდო იმედო“, და ამ ლექსთან დაკავშირებულ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
„აღმოსავლეთელებს ძველით ახალ წელს გილოცავთ, დასავლეთელებს კი კალანდობას, ჩემო კარგებო!..
იმედითა და უკეთესი მერმისის რწმენით შემოსულიყოს ეს წელი ჩვენს ოჯახებში, სასოება და უფლის სიყვარული არ მოგვკლებოდეს!…
იმედი ვახსენე და მინდა სატრფიალო პოეზიის კიდევ ერთი ლექსი-შედევრი შემოგთავაზოთ, რადგან იმედი ასაზრდოებს კაცსაც და სიყვარულსაც…
„შენ  ჩემო  დიდო  იმედო“
თითქმის არ მეგულება ქართველი, სიმღერადქცეული ამ ლექსის სტრიქონები რომ არ მოესმინოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი სამშობლო ვაჟა-ფშაველას მშობლიური მხარე, „პოეზიის აკვნად“ წოდებული ფშავია, ის ფშავი, სადაც არაერთი სხვა, „ხელიხელ საგოგმანები“ შედევრი შექმნილა, დღეს რომ სრულიად საქართველოს კუთვნილებად ქცეულა და ქართული პოეტური ფოლკლორის საგანძურში საკუთვნო ადგილიც სამართლიანად დაუმკვიდრებია…
ლექსი ძველ ფშაურ სატრიალო ლირიკას განეკუთვნება და ვარიანტების სახითაა გავრცელებული აღმ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ვარიანტთა უმეტესობა, ცხადია, ფშავშია ჩაწერილი: დ. ხიზანაშვილის, თ. რაზიკაშვილის, თვით ვაჟა-ფშაველას და სხვათა მიერ, თუმცა, მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის ლექსი ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ.
„შენ ჩემო დიდო იმედო“ – პირველად მზის სინათლეზე ილია ჭავჭავაძემ გამოიტანა, როცა მის მიერვე დაარსებულ გაზეთ „ივერიაში“ (1887 წელს) გამოაქვეყნა ამ ლექსის ერთ-ერთი ფშაური ვარიანტი, ფშავში ჩაწერილი დ. ხიზანაშვილის მიერ…
დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ლექსთან დაკავშირებული მეტად საინტერესო და ღირებული ინფორმაცია.
ჯავახეთში (ასპინძის რაიონი) ვაჰანის ქვაბებში, კლდეში ნაკვეთ 16 სართულად განლაგებულ სამონასტრო კომპლექსის ბოლო სართულზე, ასევე კლდეში ჩაშენებული ეკლესიის კედელზე აღმოჩენილია მხედრულით შესრულებული წარწერები… ვარაუდობენ, რომ ეს წარწერები უნდა შეესრულებინათ მე-15 ს-ის ბოლო წლებში იქ იძულებით მოხვედრილ, ეკლესიას შეხიზნულ ქალებს: გულქანს, ანა რჩეულიშვილს, თუმიან გოჯიშვილს, მის დას და სხვ.; წარწერებში გადმოცემულია ერთგვარი გოდება მძიმე ხვედრის გამო… ქალები შენდობასა და შველას ითხოვენ ღვთისმშობლისა და ღვთაების ხატისგან… იქვე მოცემულია ამ ქალთა ბიოგრაფიული ხასიათის წანაწერები, სევდიანი სატრფიალო ლირიკული და ხალხური ლექსების ამონარიდები, ფრაგმენტები „როსტომიანიდან“, „ვეფხისტყაოსნიდან“…“
ნიშანდობლივია, რომ კედელზე წაწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ორი სტროფი, ფრაგმენტი ქაჯთა ტყვეობაში მყოფი, უიმედო მდგომარეობით ტანჯული ნესტანის ტარიელისათვის გამოგზავნილი წერილიდან: „ციხეს ვზი ეზომ მაღალსა…“;
ეს არის ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი პოემისა, რომელიც თითქმის 2 საუკუნით უსწრებს ჩვენამდე მოღწეულ სხვა ხელნაწერებს…
იქვეა საოცარი, სულის შემძვრელი, ტრაგიზმით აღსავსე წარწერა:
„14 წლის აღმკვეცეს, 74 აქ მისრულდება… რა ლამაზი იყავი, ბიჭო…“
აი, სწორედ ამ წარწერათა შორის არის ნანდაურისკენ „დაწუხებული“ (მონატრებული), სევდიანი სტრიქონები ლექსიდან „შენ ჩემო დიდო იმედო…“, რომელიც თუმიან გოჯიშვილს წაუწერია ეკლესიის კედელზე (1531-1533 წლებს შორის)…
ვაჟა-ფშაველა, საუბრობს რა ძველ ფშაურ სატრფიალო პოეზიაზე, აღნიშნავს:
„…ერთარდერთ გრძნობას, რომელიც ყველა დროს ერის ცხოვრებისას თან ახლავს, რასაკვირველია, ძველ ფშაურ პოეზიაშიც საპატიო ადგილი უჭირავს და ისე იდეალურად, ხელოვნურადაა დახატული, რომ არა მგონია, ვისმე ძველს ან ახალ ინტელიგენტს პოეტთაგანს და ან თვით შოთასა ჰქონდეს დახატული ეს გრძნობა და სატრფიალო საგანი, როგორც ერსა აქვს…“ – და მაგალითად მოჰყავს ამ ლექსის დასაწყისი სტრიქონები…
მოკრძალებით დავესესხები ნათქვამს დიდი პოეტს და ვიტყვი: მართალს ბრძანებს ვაჟა, ლექსს „შენ ჩემო დიდო იმედო“… ნებისმიერი პოეტი სიამოვნებით მოაწერდა დღესაც ხელს…
„შენ ჩემო დიდო იმედო…“
შენ ჩემო დიდო იმედო,
კოშკო ნაგებო კირითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა!
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა!
ცავ წმინდავ მარაგიანო,
მზევ, მოფენილო დილითა!
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრულო ღილითა!
მოხველ და მოსვლით მატირე,
არ მოხველ – მოლოდინითა,
არ მოსულიყავ, მომკლავდა
უნახველობა თვალითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა“! – წერს თამილა გოგოლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები