კომპოზიტორ სულხან ცინცაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

სულხან ცინცაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.1925 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ გორში დაიბადა კომპოზიტორი, პედაგოგი სულხან ცინცაძე. ადამიანი, რომელიც შემოქმედებით ცხოვრობდა.
ეს იყო მისი ცხოვრების არსი, ცხოვრების წესი, მისი ცხოვრების გზა. პარალელურად საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
მუშაობდა მუსიკალური შემოქმედების ყველა უმთავრეს ჟანრში, განსაკუთრებული წარმატება და საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად კამერულ–საკრავიერ ნაწარმოებებს (1947–1984წ წ., ათი სიმებიანი კვარტეტი, საკვარტეტო მინიატურები);
ნაწარმოებები: ორი ოპერა (მათ შორის „განდეგილი”, 1972); ბალეტები – „ცისფერი მთის საუნჯე” (1954), „დემონი” (1961), „ანტიკური ესკიზები” (1973), „დალი და მონადირე” (1977, „რივარესი” (1982).
ხუთი სიმფონია (1952, 1963, 1969, 1979, 1985), ოპერეტები – „აბლაბუდა” (1960), „სიმღერა ტყეში” (1967), „შვეიკი” (1976) , ორატორია „უკვდავება” (1970), ორი საფორტეპიანო (1949, 1968), ორი სავიოლინო (1968, 1977), ორი ჩელოს კონცერტი (1947, 1964), მუსიკა თეატრისა და კინოსათვის („ჭრიჭინა”, „ჯარისკაცის მამა”). იყო მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის, პრაღის საერთაშორისო ფესტივალისა და ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.
სულხან ცინცაძე 1991 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები