ბაქო-თბილისი-ყარსის გვერდის ავლით – „თურქეთის კარიბჭე“ 2023 წლისთვის აშენდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ნახიჩევანის რკინიგზის („თურქეთის კარიბჭე“) მშენებლობას იწყებს, რასაც მაქსიმუმ 2 წელი დაჭირდება.
ალიევის თქმით, „თურქეთის კარიბჭეზე“, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთს, ირანსა და თურქეთს დააკავშირებს, წვდომა რუსეთსაც ექნება. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება. ამავრდოულად, რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის შეკეთების თაობაზე.
თურქეთისა და აზერბაიჯანის მტკიცებით, „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე, მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.
ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ერთი ნაწილის შეფასებით, „თურქეთის კარიბჭე“ ბაქო- თბილისი- ყარსს ტვირთების გარკვეულ რაოდენობას, კერძოდ, მყარ, ე.წ. ნაყარ ტვირთებს წაართმევს, თუმცა, ტვირთების საკმარისი რაოდენობა საქართველოზეც გაივლის.