პოლიტიკური ტრანსგენდერიზმი – ორიენტაციის ცვლა, როგორც რევანშის ხერხი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გულანთებული ტელეგამოსვლებისას ბევრ მაყურებელს გასჩენია კითხვა – კი მაგრამ, ეს ხომ ადრე სხვა პოზიციაზე იყო? ეს ხომ სხვანაირად საუბრობდა? მეც ვზივარ ტელევიზორთან, ვუსმენ ამ ფერნაცვალ პოლიტიკოსებს და ვხვდები – უპრინციპობა უკვე ნორმაა, პოლიტიკური ორიენტაციის ცვლა კი სარფიანი ტრენდი. ისევ ვათვალიერებ ქართულ არხებს. ბოლო 3 თვეა ლამის ყველა არხზე, ყველა საინფორმაციოში ოპოზიციის „მონა ლიზა“ თაკო ჩარკვიანია. თაკო, იგივე თამარ ჩარკვიანი არა უბრალოდ საბჭოთა ეპოქის, არამედ საბჭოთა ელიტის, იმ ელიტის ოლიმპოზე მყოფი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში დაიბადა და იზრდებოდა იმ რწმენით, რომ სრულიად ნორმალურია გამოდიოდე 1956 წლის სტალინის მხარდამჭერ მიტინგზე, რამდენიმე წლის შემდეგ გამოდიოდა ამ მიტინგის დამრბევ ანტისტალინისტ ჩინოვნიკთა ყრილობებზე, ლექსებს უძღვნიდე ჯერ კომუნისტებს, შემდეგ კი ანტიკომუნისტებს, შემდეგ ებრძოდე ზვიადისტებს, შემდეგ გვერდში ედგე პუტჩისტების მიერ მოყვანილ შევარდნაძეს, შემდეგ კი შევარდნაძის დამამხობელ სააკაშვილს, შემდეგ კი სააკაშვილის დამმარცხებლებს. ჯანსუღ ჩარკვიანისთვის ეს ცვალებადობა არც „უპრინციპობა“ იყო და არც „კონფორმიზმი“, უბრალოდ Tempora mutantur, not et mutamur in illis. ჯანსუღ ჩარკვიანი არ ყოფილა გამორჩეული „თეთრი ყვავი“. ეს იყო ნორმა საბჭოთა ინტელიგენციისთვის, ბოლო-ბოლო თავს ხომ არ შეაკლავდნენ ან სტალინს, ან ხრუჩშოვს ან ზვიადს, ან შევარდნაძეს? საჭირო იყო ვითარებასთან ოპტიმალური ადაპტაცია. მაგრამ თქვენ იკითხავთ, თუ ასეა, რატომღა არ არის თაკო ჩარკვიანი დღეს მმართველ პარტიასთან? შეიძლება ყოფილიყო კიდეც, „ქართულ ოცნებას“ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რომ გაეშვა. ჩარკვიანს ღირსება შეულახეს, რაც ელიტისთვის ორმაგად მტკივნეულია. შელახულ ღირსებას სჭირდებოდა დაცვა და თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის ქოლგის ქვეშ დადგა. თუ 2003 წელს მისთვის სააკაშვილი ასოცირებული იყო ისკარიოტელი მასონების მსოფლიო მთავრობასთან და სატანისტური ლიბერალიზმის მქადაგებელ სოროსთან, დღეს ასოცირებულია ტრადიციული ოჯახებისა და ჰოი საოცრებავ, ლიბერალიზმის გადარჩენასთან! რასაკვირველია, მისთვისაც ეს მსოფლმხედველობითი ფერისცვალება არ ითვლება „უპრინციპობად“ ან „ღირსების შელახვად“. მისთვის ღირსება შეუძლია შელახოს არა მაგალითად პუბლიცისტის ქმრის მიერ კაბინეტში კაცის მოკვლამ, არამედ მაგალითად დაპირებული თანამდებობის ვერმიღებამ გინდა კულტურის სამინისტროში და გინდა „ჩრდილოვან კაბინეტში“, და მორალი თავმდაბლად უთმობს ადგილს შურისძიებას. ამ ტიპის პოლიტიკოსებში შურისძიებაც შესაძლოა განიცდიდეს თავისებურ ტრანსგენდერს, შურისძიება შეიძლება სარფიანიც კი გახდეს. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, როგორ შეიძლება ითანამშრომლო „ზურაბ ჟვანიას გუნდთან“, იმ ზურაბ ჟვანიასი, რომელსაც თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ჯონი გიგანი ოჯახის აფეთქების მცდელობაში საჯაროდ, მედიით ადანაშაულებდა.

თუმცა თაკო ჩარკვიანი ერთადერთი არაა პოლიტიკურ სქესნაცვალებში, ვინც კარიერისა და შურისძიების გამო საერთო ენა გამონახა ახლო წარსულის მტრებთან და ოპოზიციის სახედაც იქცა. ისევ გადავრთე არხი – გუბაზ სანიკიძე ესაუბრება ტაშტში ფეხებჩაწყობილ ტელეწამყვანს: საქართველოსავით მარადიულმა ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ იმდენჯერ ჩაიტარა პოლიტიკური სქესის შეცვლის ოპერაცია, რომ თავადაც არ ახსოვს, რომელი პოლიტიკური სქესიდან დაიწყო ექსპერიმენტები. თვითრეალიზაციისა და რევანშისადმი ლტოლვა ნებისმიერ, ადგილიდან დაძრულ მატარებელზე შეხტომას ითხოვს. ზოგჯერ კი შეკოწიწებული მატარებლიდან ჩამოხტომას და თანაპარტიელების მემანქანის გარეშე დატოვებასაც. ორიენტაციაშევლილი გუბაზი ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ოპოზიციის უალტერნატივო რუპორი, რომელიც ნაციონალურ მრევლს ნიკანორ მელიასაც კი ერჩივნა, თუმცა მას შემდეგ, რაც თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილისეული ზღაპარი მიიპლაგიატა და დაიბრალა – პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ივანიშვილმა კობახიძის ტიპებით ქრთამი შემომთავაზაო, სახეშეცვლილი ოპოზიციის თვალში ჩარკვიანი უფრო წონიანი და ძვირადღირებული გახდა ვიდრე დღემდე ვერნაშოვნ მილიონზე ამაოდ მეოცნებე სანიკიძე. ნაციონალურ ოპოზიციაში ოფიციალური დოღია ივანიშვილის უკომპრომისო მტრის სტატუსისთვის, და როცა ვერ აღწევენ ივანიშვილის ყურადღების მიქცევას, ეჯიბრებიან საკუთარი თავისთვის ფასის დადებაში. სანიკიძე კი ამ შეჯიბრში ჩამორჩა, მან ან თაკო ჩარკვიანზე მეტად უნდა დაიფასოს თავი ან უნდა დასჯერდეს სათადარიგო სკამსა და საფირმო, ეროვნულად შეშფოთებული, თუმცა ამავდროულად უკომპრომისოდ მრისხანე ტელემიმიკას. რომლის უკან მისდა სამწუხაროდ არაფერია, გარდა უქარქაშო ხმლებისთვის შეუფერებელი პერსონაჟის უკვე ისტორიიდან ვეღარ ამოშლადი შეფასებები. შემდეგი არხის საინფორმაციოდან ვისმენ ცნობილი კვალიფიციური იურისტის შეფასებას სააკაშვილის ახალმა მეგობარმა, ვალერი გელბახიანმა საბჭოთა პროკურატურა ჩაანაცვლა შევარდნაძის რეჟიმით, შემდეგ გადავიდა შევარდნაძის კონკურენტ, ასლან აბაშიძესთან უშიშროების საბჭოს მდივნად, შემდეგ გადავიდა ბადრი პატარკაციშვილთან, შემდეგ აბაშიძის მტერთან, იგორ გიორგაძესთან, და შემდეგ პატარკაციშვილის და გიორგაძის მტერ სააკაშვილთან. მოდი და გაიგე, რომელი გელბახიანი იწვევს მეტ ნდობას? კომუნისტი? ასლანისტი? მიშისტი თუ კაგებეშნიკი? მაგრამ რადგან სააკაშვილმა გელბახიანი მის გვერდით გამოაჩინა ფოტოზე, ნაციონალური მრევლისთვის ეს მისაღებია. თუ მისაღები არა, ატანადია.

მორიგი არხი, საიდანღაც მეცნობა ექსპოლიტიკოსი ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე იყო ასლან აბაშიძესთან, შემდეგ აბაშიძის მტერ სააკაშვილთან, შემდეგ სააკაშვილის მტერ პატარკაციშვილთან, შემდეგ იყო 7 ნოემბერი, როცა სააკაშვილის რეჟიმმა იატაკზე ახოხიალა იმედის ჟურნალისტებიც და მათ შორის თარგამაძეც. თუმცა, თარგამაძემ იპოვა გამბედაობა, ფეხზე წამოდგა, პიჯაკიდან ჩამოიბერტყა სპეცრაზმელის ნაფეხური, თმა გადაივარცხნა და დღეს ისევ სააკაშვილის ჟურნალისტთა გუნდშია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პოლიტიკური სქესის ცვლას თითქმის ყველა შემთხვევაში თან სდევს სტოლკჰოლმის სინდრომი, გადარჩენის ინსტიქტისგან დაცლილი მაზოხისტური ლტოლვა მოძალადის მიმართ. შემდეგი არხის საინფორმაციო გამოშვებაში ორჯერ სპიკერი და ორჯერ თითქმის პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძეა. 0.8% იანი პარტიის ლიდერი მსჯელობს პარლამენტის ბოიკოტზე. ბურჯანაძეც საბჭოთა ელიტის, რაიკომის მდივნის გავლენიან ორეოლში გამოზრდილი პროდუქტია, შესაბამისი მსოფლმხედველობით და ნივთიერი ატრიბუტიკით, შესაბამისი ინტერესებითაც, უბრალო მოკვდავთათვის საოცნებო ძვირფასი ჭურჭლების, ანტიკვარული ავეჯის, ოქროულობისა და მოსკოვში ნასწავლის დიპლომის მიმართ. საბჭოთა სამოთხის ჩამონგრევამ მოითხოვა სწრაფი რეორგანიზაცია და ბურჯანაძე აღმოჩნდა შევარდნაძის გუნდში. კონიუნქტურაში ამოვლებულმა ელიტარულმა ალღომ მარტივად გადაალახინა მას შევარდნაძის დაღალატებისგან გამოწვეული უხერხულობა და ბურჯანაძე ჟვანიას გუნდში აღმოჩნდა, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლებაში, შემდეგ სააკაშვილის ოპოზიციაში, შემდეგ იყო 26 მაისის სისხლიანი დარბევა, მსხვერპლით, ასობით დაზარალებული და დამცირებული ადამიანით, მაგრამ დანარჩენი პოლიტ-ტრანსგენდერი პოლიტიკოსების მსგავსად, ბურჯანაძემაც გადაყლაპა 26 მაისის დარბევაც, მიღებული დამცირებაც და დღეს კვლავ სააკაშვილის ქვეშევრდომია. რა რეაქცია ჰქონდათ ამ მაზოხიზმზე 26 მაისს დარბეულ და ხელკეტებით გაუპატიურებულ ადამიანებს? 0.8% ეს შედეგი იყო რეაქცია. ისევ გადავრთე, შემდეგ არხზე სტუმრად ჰყავთ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გუშაგი – ირინა სარიშვილი: 1994 წელს მოკლეს სარიშვილის მეუღლე და ედპ-ს ლიდერი გია ჭანტურია. სარიშვილი ქმრის მკვლელობას იგორ გიორგაძეს აბრალებდა, გავიდა დრო და ირინა სარიშვილი გახდა იგორ გიორგაძის ფონდისა და პარტიის ლიდერი. სარიშვილი შევარდნაძის უკომპრომისო ოპოზიციაში იყო მანამდე, სანამ არ 2003 წელს არ გახდა შევარდნაძის მხარდამჭერი ბლოკის შტაბის მეთაური. მაშინ ბლოკმა კი გაიმარჯვა, მაგრამ სააკაშვილმა ჩაშალა არჩევნების შედეგები და „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა ხელისუფლებაში, სარიშვილი ამჯერად სააკაშვილის უკომპრომისო ოპოზიციაში გადავიდა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილს მხარს უჭერდნენ სარიშვილის ძველი მტრები – „ზვიადისტები“. თუმცა, ამჯერადაც გავიდა დრო და სარიშვილიც შევარდნაძის დამამხობელ და ზვიადისტების მეგობარ სააკაშვილთანაა. თქვენ იკითხავთ „ზვიადისტი მიშისტები“ როგორ შეეგუენ სარიშვილის დაახლოებას სააკაშვილთან? დაახლოებით ისევე, როგორც შეეგუენ სააკაშვილის გუნდში მხედრიონელ ჟორიკა რურუას ან პუტჩისტ დევი ჭანკოტაძეს, მამა შვილ გაბაშვილებს ან ბუბა კიკაბიძეს. შესაძლოა ამ ზვიადისტებს ერჩივნათ პრინციპულ ზვიადისტებად დარჩენა, მაგრამ საბჭოთა ელიტების მსგავსად მათთვისაც Tempora mutantur, not et mutamur in illis. რევანში და ძალაუფლებისადმი ლტოლვა მორალზე ძლიერი ყოფილა. და არა მარტო ზვიადისტი მიშისტებისთვის. პოლიტიკური სქესის ცვლილების პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდნენ არაზვიადისტი, ჩვეულებრივი, პროდასავლური ორიენტაციის რიგითი ნაციონალებიც. ისინი დღესაც, გმირულად არ იმჩნევენ სარიშვილის კავშირებს იგორ გიორგაძესთან, იძულებით ივიწყებენ ნინო ბურჯანაძის მეგობრობას პუტინთან, მიშას ხატთან ხელის კანკალით ალაგებენ უპრინციპობის ტოტემებს – ოქრუაშვილის, გელბახიანის ან ვერგაფარნავაზებული გუბაზის გამოსახულებით. რიგითი ნაციონალები უკვე აღარც დარდობენ დეკლარირებულად ანტირუსულ ნაციონალურ მოძრაობაში დეკლარირებული პრორუსი პოლიტიკოსების მულტიპლიკაციას. დიდი ალბათობით, არც ადრე დარდობდნენ, რადგან ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური სქესის შეცვლა და არატრადიციულ პოლიტიკურ ორიენტაციაზე გადასვლა არათუ ტრენდული, საჭიროცაა, მით უმეტეს თუ მოტივაცია რევანშია. თუ ხვალ ამ წითელი ელიტების, რაიკომის მდივნების ვერშემდგარი მეფეებისა და დედოფლების რევანშისთვის საჭირო იქნება მოსკოვთან დამეგობრება, ეს ისედაც ნახევრად გაწითლებულ ნაციონალურ ოპოზიციაში პრინციპების ღალატად აღარ ჩაითვლება. ორიენტაციის ცვლილება ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტიურად წახალისებადია. გადავრთე შემდეგ არხზე, საერთაშორისო ამბები და ისევ გაურკვეველი ორიენტაცია. ნაციონალური ოპოზიციის ტელეარხზე, რომლის მფლობელიც მხედრიონელია ნაზვიადისტარ-ნაპროკურორალი ჟურნალისტი ლანძღავს და თანაგუნდელებსაც ალანძღვინებს ამერიკასა და ევროკავშირს. პროდასავლურმა პარტიამ დასავლეთი გააკრიტიკა მხოლოდ იმისთვის რომ დასავლეთმა სცნო არჩევნების შედეგები. გამოდის, რომ ნაციონალური ოპოზიციისთვის დასავლეთი არის არა მიზანი არამედ საშუალება რევანშისთვის. და როცა ეს საშუალება ვერ გამოიყენეს, დაიწყეს მისი კრიტიკა. გააკრიტიკეს ანკარაც მხოლოდ იმისთვის, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა ირანს და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობა შესთავაზა. თურქეთის ორიენტაციის ცვლილება თუ მიუღებელია, რატომაა მისაღები ოპოზიციის პოლიტიკური სქესის ცვლა? აკი თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო და ანკარის კრიტიკისთვის ნაციონალები „პატრიოტთა ალიანსს“ მიწაში დებდნენ. ბოლო ბოლო, რა ამოძრავებს ოპოზიციას? თუ დასავლეთს და თურქეთს ლანძღავ, ხვალ ხელისუფლებაში მოსული ისე.

და თურქეთს ლანძღავ, ხვალ ხელისუფლებაში მოსული ისევ რომ მოინდომო რუსეთთან ომი ვის იმედზე უნდა იყო? „რუსეთუმეებით“ გადატენილი გაერთიანებული ოპოზიციის? რეალურად კი, ოპოზიციის ეს მორალური ხრწნა არც საბჭოთა ელიტარული მგოსნის შვილის ბრალია და არც რაიკომის მდივნის შვილის, არც ოქრუაშვილის და არც ვერფარნავაზის. ყველაფრის მიზეზი არის ნაციონალური ოპოზიციის კონსენსუსი _ საკუთარ პრინციპებზე, ღირებულებებსა და მორალზე უარის თქმა ერთადერთი მამოძრავებელი მიზნის – ბიძინა ივანიშვილზე რევანშის გამო. მაგრამ უღირთ კი რევანში ამ დონის მორალურ დეგრადაციად? როგორც ჩანს, უღირთ.

გენადი კენჭაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები