ვეფხვია გულედანი: გრიგოლ ვაშაძის განცხადება „ნაცმოძრაობის” დატოვებაზე მრავლისმეტყველია
„მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება „ნაციონალური მოძრაობისა” და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ მრავლისმეტყველია და კვლავ უტყუარად დასტურდება „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მართვის არათანამედროვე, არადემოკრატიული პოლიტიკა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
გულედანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არჩეული აქვს ანტისახელმწიფოებრივი, უგუნური პოლიტიკა, რასაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებაც ადასტურებს.
„შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია”. განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულ, დისკრედიტაციულ ქმედებებს ეწევა დიპლომატების წინააღმდეგ, ჩვენთვის აღნიშნული არახალია თუმცა, ენმ-ის პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება უტყუარი მტკიცებულებაა აღნიშნული ქმედებების ორგანიზებისა.
აგრეთვე, საინტერესოა “ნაცმოძრაობის” ძირითადი პრობლემის ხაზგასმა მისივე სიტყვებით: „პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია, ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობასა და სურვილს”. დიახ, ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არ და ვერ იაზრებენ წარსულ შეცდომებს, რომლებიც მრავლად აქვთ…. მათ დაუოკებელი სურვილი (დაბოღმილი ბოროტება) ამოძრავებთ ხელისუფლების, ძალაუფლების ხელში აღების და ქართველ ხალხზე ძალადობრივი ბატონობისა, რაც რბილად რომ ვთქვათ, კატასტროფაა სახელმწიფოსთვის რომელსაც ასეთი მთავარი ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციური ძალა ჰყავს… ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო მეტად რაციონალურ, სახელმწიფოებრივ იდეალებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ოპოზიციას იმსახურებს”, – აღნიშნავს ვეფხვია გულედანი.