ლევან დავითაშვილი: ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი და მდგრადი განვითარებისთვის
“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე აქტიურად უწყობს ხელს ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდას აგრარული განათლების ხელშეწყობის გზით”,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს აგრარული განათლების ხელშეწყობას და გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ფერმერთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
“ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი და მდგრადი განვითარებისთვის. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე აქტიურად უწყობს ხელს ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდას აგრარული განათლების ხელშეწყობის გზით.
ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს, რომლიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ქვეყნის სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი პრიორიტეტული მიმართულებები, რის შემდეგადაც შემუშავდა ტრენინგ-პროგრამა და ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი ფერმერებისთვის.
პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტში 123 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები”, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გააცნეს მარცვლოვანი კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.
სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში 286 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გაუზიარეს გამოცდილება თხილის წარმოების აგროტექნოლოგების, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლის აღებისა თუ შენახვის პირობებისა და მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) 160-მდე ადგილობრივი მეფუტკრისთვის გაიმართა ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ, რომლის ფარგლებში მეფუტკრეები გაეცნენ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიურ რუკას და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს აგრარული განათლების ხელშეწყობას და გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ფერმერთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად”,- განაცხადა მინისტრმა.