“ჯანმო” შობის დღესასწაულთან დაკავშირებით: სიხარული შესაძლოა მალე ჩანაცვლდეს უბედურებით

სასმელები გატანით. ბერლინის ბარებში მომხმარებლებს თითო ჭიქა “გლინტვეინის” დალევას მაგიდასთან დასხდომის გარეშე სთავაზობენ. პანდემიის ფონზე რესტორატორები ცდილობენ რამენაირად მაინც იმუშაონ და გაახალისონ მოსახლეობა, რომელიც ტრადიციული საშობაო ზეიმის გარეშე დარჩა. შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს, ვინაიდან სტატისტიკა არცთუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

“ვირუსი მაინც და მაინც არ ითვალისწინებს მოასწარით თუ არა საშობაო საჩუქრის ყიდვა. აქედან გამომდინარე ეს საკითხი აღარაა სადაო, დამატებითი შეზღუდვები მთელ გერმანიაში უნდა დაწესდეს. რაც უფრო მალე მით უკეთესი”,- განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

კათოლიკური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქების წინააღმდეგი არიან ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

“სადღესასწაულო პერიოდი – დასვენების და ზეიმის დროა. მაგრამ ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ. ვინაიდან სიხარული შესაძლოა მალე ჩანაცვლდეს უბედურებით”,- განაცხადა “ჯანმოს” გენერალურმა დირექტორმა ედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

ასევე საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას თხოვნით მიმართა კიდევ ცოტაოდენი ძალისხმევა გამოიჩინონ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში და გადახედონ საკუთარ გეგმებს დღესასწაულთან დაკავშირებით. საერთო კარანტინს საფრანგეთში ვადა ეწურება, მაგრამ ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. გამონაკლისი იქნება შობის ღამე, მაგრამ არა ახალი წლის.

გასულ ხუთშაბათს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟან კასტეკსმა ფრანგებს იმედები გაუცრუა კულტურული ცხოვრების აღდგენასთან დაკავშირებით. მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები 7 იანვრამდე არ გაიხსნება.

“ეს მტკივნეული დარტყმაა. ჩვენ გვეგონა, რომ თეატრები დღე-დღეზე გაიხსნებოდა. მსახიობებს სცენაზე გამოსვლა სწყურიათ. ჩვენ შესანიშნავი პერსპექტივა გვქონდა, მაგრამ ხელცარიელები დავრჩით”,- აცხადებს პროდიუსერი ჟან-მარკ დიუმონტე.

ამავდორულად ვირუსის შეკავების მიზნით კვიპროსის ხელისუფლებამ სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ტაძრები დახურა. უფროსკლასელები და სტუდენტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები