არა მოლაპარაკებების ახალ ფორმატს საქართველოსთან – ოპოზიცია აფხაზეთში საგარეო პოლიტიკის ახალ დოქტრინას აპროტესტებს
ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „არუა”, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანებისაგან შედგება, „რესპუბლიკის ხელმძღვანლობისგან“ საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციიდან იმ პუნქტის ამოღებას ითხოვს, სადაც მოლაპარაკებების დამატებითი ფორმის შესახებ არის საუბარი.
”4 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა დაამტკიცა” აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გვერდის ავლით ახალი ფორმატის შექმნას გულისხმობს”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც „არუაამ“ გაავრცელა
ოპოზიციის აზრით, ეს პუნქტი თუ განხორციელდება, დაჩრდილავს ჟენევის დისკუსიებს, რომლებიც მიმდინარეობს მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების შესაბამისად.
“არუაას” სჯერა, რომ “ამ გზით აფხაზეთის ხელმძღვანლობა საკუთარი ხელით ამცირებს მოლაპარაკებების პროცესის სტატუსს, რადგან სანამ საქართველოში მოქმედებს კანონი” ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “, არავინ დაელაპარაკება უშუალოდ აფხაზეთს თანაბარი პირობებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის განმარტებით, ”აფხაზეთი დაკარგავს საერთაშორისო შუამავლებსა და ჟენევაში მოლაპარაკებების პროცესის მაღალ სტატუსს”.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასებით, ეს მიდგომა სოხუმს ფორმალურად უბრუნებს 2008 წლის აგვისტომდე პერიოდს, როდესაც აფხაზეთს არ ჰქონდა საერთაშორისო აღიარება რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.
”ასეთი მოლაპარაკებები არაფერს ავალდებულებს საქართველოს. მოლაპარაკებების სტატუსის შემცირება რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ განსაზღვრულ ფორმატზე დაბალია და მთლიანად ქართული მხარის ინტერესებშია”, – ნათქვამია ომის ვეტერანების მიმართვაში.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „დეპუტატებს“ თხოვნით მიმართა, რომ სასწრაფოდ შეიკრიბონ რიგგარეშე სხდომაზე, რომ განიხილონ ეს კონცეფცია და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება”.
ოპოზიცია ასევე ითხოვს, კონცეფციაში შეიტანონ პუნქტი, რომ რუსეთმა და იმ ქვეყნების პარლამენტებმა, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, აღიარონ აფხაზთა ხალხის გენოციდი, რომელიც, მათი თქმით, მეოცე საუკუნის განმავლობაში სისტემატიურად ხორციელდებოდა საქართველოს მიერ.
”თუ შემოთავაზებული შესწორებები კონცეფციაში არ იქნა შემოტანილი წლის ბოლოს, ,,არუაა,, იტოვებს უფლებას, მიმართოს აფხაზეთის მოსახლეობას და მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები”, – ნათქვამია ოპოზიციური ორგანიზაციის მიმართვაში.