ივანე მაჭავარიანი: ტენდერებში იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს

“ტენდერებში იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პოლონეთის ელჩის წუხილს უპასუხა იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ფულით ჩინური კომპანიები ფინანსდებიან.

მისი თქმით, ტენდერი ტარდება იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, არის არა მხოლოდ ევროკაშირის ფული, არამედ – აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ყველა იმ პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ხორციელდება. ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესია, როგორ უნდა მოხდეს ტენდერი, ეს ტენდერები ხდება იმ წესებითა და სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი წესებით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები და იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან. არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდანაა, ჩვენ არ ვხემძღვანლობთ, ვხემძღვანლობთ მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები