თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, შუა დერეფნის მიმართ მოთხოვნა მზარდია და დღევანდელ მსოფლიოში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.
„შუა დერეფანი იძენს მაღალ აქტუალობას და აქედან გამომდინარე, შუა დერეფნისთვის საქართველო რჩება სანდო, ეფექტურ და საიმედო პარტნიორად. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება ზოგადად სატრანსპორტო სექტორში. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ სარკინიგზო სექტორს, სადაც ისტორიული პროექტები ხორციელდება დღესდღეობით და მნიშვნელოვანია ასევე საზღვაო მიმართულება და აქ გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რომელზედაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ გადავედით ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს „ლენდლორდ” მოდელს. „ლენდლორდ” მოდელი არის ის მოდელი, რომლითაც საქართველო რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მესაკუთრედ და ეს არის სრულიად ქართული აქტივი, სადაც უკვე სახელმწიფო ახორციელებს შესაბამის ინვესტიციებს იმისათვის, რომ მზად დახვდეს ინვესტორს, ტერმინალის ოპერატორებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ინვესტიციებს როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ინფრასტრუქტურაში, რაც ასევე მოიცავს საგზაო და სარკინიგზო მიმართულებებს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, “ლენდლორდ” – მოდელი მსოფლიოში აპრობირებულია.
„მსოფლიოს პორტების 2/3 აღნიშნული მოდელით იმართება. მაგალითისთვის მოვიყვან ამერიკის შეერთებულ შტატებს, სინგაპურს, კორეის რესპუბლიკას, ევროპულ ნავსადგურებს – როტერდამს, მარსელს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მოდელზე გადავედით იმიტომ, რომ გაზრდილი არის ზოგადად ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ, გაზრდილია ინტერესი როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე გაზრდილია ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და დასავლეთიდან. შესაბამისად, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკები იყოს დაბალანსებული, არ იყოს ერთ აქტორზე დამოკიდებული აღნიშნული ნავსადგურის განვითარება და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენციაც აღნიშნულ ნავსადგურში შესაბამისი იყოს იმისათვის, რომ წარმატებული იყოს აღნიშნული პროექტი”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მლრდ 100 მლნ აშშ დოლარია, რომელიც გადანაწილდება როგორც კერძო სექტორზე, ასევე სახელმწიფოზე.
თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მუშაობს შესაბამისი რესურსების მოძიებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე, ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური 2029 წელს შევიდეს ოპერირებაში.