covid-19 მსოფლიოში – სტატისტიკა უარესდება

20 ნოემბრიდან, ჩრდილოეთ მაკედონიაში 30 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, ამოქმედდა შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც მთავრობას ჯანდაცვის სისტემის (მათ შორის კერძო კლინიკების), შეიარაღებული ძალების, ადმინისტრაციული ორგანოების და კერძო კომპანიების რესურსების უფრო მეტად კონტროლის და გამოყენების საშუალებას მისცემს.

20 ნოემბერს, პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა. აღნიშნული რეჟიმი 9 ნოემბერს გამოცხადდა და მიღებული გადაწყვეტილებით, იგი სულ მცირე 8 დეკემბრამდე იმოქმედებს.

უნგრეთში 23 ნოემბერის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასაკოვანი მოსახლეობისთვის მაღაზიებში შესვლისთვის სპეციალური დროები დაწესდა. სამუშაო დღეებში, მაღაზიაში შესვლა დილის 9-11 საათის შუალედში, ხოლო შაბათ-კვირას დილის 8-10 საათის შუალედში მხოლოდ 65 წელზე უფროსს პირებს შეეძლებათ;

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების ნებაყოფლობით გამოყოფაზე, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კერძო კლინიკებისთვის წაყენებული მოთხოვნის უგულებელყოფის გამო, მთავრობამ 21 ნოემბერს თესალონიკში 2 კერძო საავადმყოფოს დროებით რეკვიზიცია მოახდინა; საწოლფონდის სიმცირის გამო, მ/წ 23 ნოემბერს, საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა თესალონიკში 50 ადგილიანი საველე ჰოსპიტლის გაშლა დაიწყეს, რასაც კვირის ბოლომდე დაასრულებენ;

23 ნოემბერს, რუსეთში, 24 საათში გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან პირველად 25 000-ს გადააჭარბა და 25 173 შემთხვევა შეადგინა. გარდაიცვალა 361 პირი;

23 ნოემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 10 945 შემთხვევა შეადგინა. გარდაიცვალა 124 პაციენტი; ამ ეტაპზე უკრაინის მთავრობა დაწესებული შეზღუდვების ინფიცირების დინამიკაზე ზემოქმედების შეფასებას ელოდება;

22 ნოემბერს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 017 და გარდაცვალების 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 ნოემბრიდან მოყოლებული, თურქეთში თითქმის ყოველდღიურად ხდება დღიური მაჩვენებლების ზრდა. შედეგად, ბოლო დღეების მონაცემებმა პირველი ტალღის რეკორდს გადააჭარბა;

21 ნოემბრიდან ირანში შემზღუდველი ზომები გამკაცრდა – ყველაზე მეტად ინფიცირებულ 160 ქალაქში (მათ შორის თეირანში) 21:00-04:00 პერიოდში კომენდანტის საათი გამოცხადა და აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და ქალაქში შესვლა. დაიხურა ყველა არაარსებითი ბიზნეს-ობიექტი. განახლებული შეზღუდვები ძალაში სულ მცირე 2 კვირის ვადით დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები