ხატია დეკანოიძე: გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები
„ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ უკვე მოლაპარაკებებზე ვართ და გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
„ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ უკვე მოლაპარაკებებზე ვართ და გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა კომპრომისული სივრცე არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით, საპარლამენტო ქვეყნებში კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, ველოდებით შემხვედრ წინადადებებს. ჯერჯერობით, არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ არ ყოფილა, ვნახოთ, რა იქნება მესამე რაუნდიდან. ამ პარლამენტში არავინ შევა არავითარი დათქმებით. მთავარია, ჩვენ შედეგი მივიღოთ. ერთიანად, მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სურვილის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ იმ პარლამენტს, რომელიც ახლა არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.