ფაშინიანი: ყარაბაღთან დაკავშირებულ შეთანხმებაში ბევრი პუნქტია, რომელიც განმარტებას საჭიროებს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არცერთი პარტიისგან არ მიუღია წინადადება, თუ როგორ შეიძლება, გახდეს ყარაბაღთან დაკავშირებით ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება სომხეთისთვის ბევრად მომგებიანი.

ამის შესახებ მან ონლაინპრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“პრობლემა ისაა, რომ დოკუმენტი არ წარმოადგენს ჩვენს საუკეთესო სურვილებს, არამედ ის სამხედრო ვითარების კონსტატაციაა, რომელიც, სამწუხაროდ, იყო სწორედ ასეთი. პუნქტების შეცვლა ნიშნავს სამხედრო ვითარების შეცვლას, რაც ვფიქრობ, დღეს არარეალისტურია”, – თქვა მან.

ფაშინიანის თქმით, დოკუმენტში ბევრი პუნქტია, რომელიც საჭიროებს და ტოვებს უამრავ ადგილს განმარტებებისთვის. მისივე თქმით, მომავალში განხილვების დროს  ყველა წინადადება იქნება გათვალისწინებული და ის საუკეთესოს რეალიზებას შეეცდება.

​სომხეთის პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მზად არის, ხალხის “სასამართლოს” წინაშე წარდგეს, მაგრამ – გულწრფელი დიალოგის პირობით საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან.

ფაშინიანი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხს ის, როგორც ქვეყნის მეთაური აგებს და ხალხის წინაშე უნდა წარდგეს. თუმცა, მისი თქმით, ხალხმა ყველა დეტალი უნდა იცოდეს, რომ საჭირო დასკვნები გამოიტანოს, ამისთვის კი საჭიროა სამხედროების, ოპოზიციის, მთავრობისა და პრემიერის მოსმენა.

სომხეთის პირველმა პირმა 2018 წლის მაისი გაიხსენა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, როდესაც მოლაპარაკებათა პროცესი წითელ ზღვარს უკვე გადასცდა და უკან მობრუნება იყო რთული: ამ მოლაპარაკებათა პროცესში ცხადად შეინიშნებოდა სტატუსის გარანტიის გარეშე ტერიტორიების დათმობის კონტურები, ანუ, “ტერიტორიები არაფრის სანაცვლოდ”. ამასთან, მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ “ფაშინიანი ყარაბაღის ჩასაბარებლად მოდისო”.

სომხეთის პრემიერის თქმით, აქ უკვე სამი ვარიანტი არსებობს: ან ეს ხალხი წინასწარმეტყველი იყო, ან ფაშინიანის მთავრობა მოღალატეობრივია, ან სერჟ სარგსიანის მომხრეები უბრალოდ იცოდნენ, თუ როგორ ზღვარს მიაღწია მოლაპარაკებათა პროცესმა და როგორი გარდაუვალი მოთხოვნებია წაყენებული სომხეთის მიმართ.

“ამ ლოგიკის შეცვლა მინდოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა, რადგან ტერიტორიების ჩაბარების კონსენსუსი საერთაშორისო თანამეგობრობაში უკვე იყო შექმნილი. ამ კონსენსუსის შეცვლა ვერ შევძელით. შესაძლოა, ვითარება არასწორად შევაფასეთ. მაგრამ რა უნდა გვექნა? შევგუებულიყავით? ეს არ მინდოდა, ამიტომ ვცადე, ყველაფერი გამეკეთებინა სომხეთის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები