არჩილ გორდულაძე: პირდაპირ იბრძვიან და მანიპულირებენ ადამიანების ინტერესებით, რათა საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიცია არ შემოვიდეს
[„ლელოს“ ლიდერები] პირდაპირ იბრძვიან და მანიპულირებენ ადამიანების ინტერესებით, რათა საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიცია არ შემოვიდეს და შეუძლებელია ამ ადამიანებს უემოციოდ უსმინო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა,
როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, ზუსტად იგივე კამპანია ჰქონდათ აწყობილი, როდესაც „ჰუალინგი“ და „დირსი“ შენდებოდა.
„არ შეიძლება ემოციის გარეშე უსმინო ამ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ იბრძვიან, მანიპულირებენ ადამიანების ინტერესებით, ადამიანების მსოფლმხედველობით, ჩვენი მომავლით და გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. გახაზული და გადახაზული აგენტები რომ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს. რა არაბიზაციაზეა საუბარი, რომელ ქალაქების შექმნაზეა საუბარი. ზუსტად იგივე კამპანია ჰქონდათ აწყობილი მისნაირ [ირაკლი კუპრაძე] აგენტურას, მაგალითად, როდესაც ჩინელების მიერ „ჰუალინგი“ შენდებოდა, იგივე იყო „დირსთან“ დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა. ახლა უტიფრად გამოდის და საუბრობს, რომ რაღაც პოლიტიკური რეკლამაა პრემიერ-მინისტრის ახსნა-განმარტება, რომელიც ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე საზოგადოების წინაზე გააკეთა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ამავდროულად, საზოგადოებას გველაპარაკება ისეთ საკითხებზე, რომელიც თვითონ აქვს მოთხოვნილი, მაგალითად: კომერციულ საიდუმლოებაზე, რომელზეც ანაკლიის პორტში იყო საუბარი. რომელ რეკლამირებაზეა საუბარი, დიახაც რეკლამა რომ მოგვეცდინა, დიახაც რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა ანაკლიის პორტისათვის, რომელიც აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის, მათ შორის, უსაფრთხოების ნაწილშიც უზარმაზარი წვლილი აქვს, კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ და მაშინ კარგი გავაკეთეთ, რადგან თავისი ინტერესები ჰქონდათ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, რომლებმაც არ და ვერ ააშენეს თავისი კონსორციუმის ჩართულობით ანაკლია. ახლა ჩვენზე საუბრობს, როდესაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციაზე გვაქვს საუბარი. რატომ აკეთებენ ამას იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები აგენტები არიან, მონური ფსიქოლოგიით არიან, ახლა მათმა პატრონებმა მისცეს დავალება, რომ ისაუბრონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.