ზელენსკის თქმით, ევროპული ტურნეს დროს მან თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში 1.27 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში ვიზიტების შემდეგ, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში 1.1 მილიარდ ევროზე (1.27 მილიარდი აშშ დოლარი) მეტი ახალი ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.
მანვე განაცხადა, რომ შეთანხმებები გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, ავიაციას და ზამთრის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საბერძნეთი უკრაინას ათენში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში გათბობის სეზონისთვის გარანტირებულ გაზის მოცულობებს მიაწვდის და ქვეყანას „უკრაინისა და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრს“ უწოდებს.
“საფრანგეთი დათანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაფართოებას, მათ შორის უკრაინისთვის 2035 წლისთვის 100 Rafale F4 თვითმფრინავის, ასევე SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემების, მოწინავე რადარების, ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტებისა და მართვადი საჰაერო ბომბების შეძენის გეგმას. პარიზი ასევე წლის ბოლომდე ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს მოგვაწვდის”,- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მანვე დასძინა, რომ ესპანეთმა 100 მილიონი ევრო (115,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო საჰაერო თავდაცვის რაკეტებისთვის, 215 მილიონი ევრო (248,7 მილიონი აშშ დოლარი) SAFE ინსტრუმენტის ფარგლებში და 200 მილიონი ევრო (231,4 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად.
უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ინიციატივა აშშ-ნატოს პროგრამაა, რომელიც ევროპისა და კანადის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, დააფინანსონ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის შეძენა.
როგორც ცნობილია, მადრიდი ასევე ამზადებს დამატებით თავდაცვით პაკეტს, რომელიც IRIS-T საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს.