ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამას, რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა, ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს

ანტიკორუფციული ბიურო იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აბსურდული არის ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატიის მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა მომხდარიყო კონკრეტული უწყების ხელში და ამისათვის უნდა შექმნილიყო რაღაც განცალკევებული უწყება.

„ნათქვამი იყო, რომ ერთი უწყების ხელში უნდა მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ამ დროს ხდება რა – ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ სისტემას, აქ მოქმედებს კონკრეტული ორგანოები, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები, ეს არის კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ასევე აქვს თავისი კონსტიტუციური ფუნქციები და ამოცანები, ეს არის საქართველოს პროკურატურა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ძალიან სერიოზული ფუნქცია თავისი კონკრეტული დეპარტამენტით. ამის შერწყმა თეორიულად შეუძლებელია რომელიმე ერთი უწყების ქვეშ, რადგან ყველას თავისი ინტერესი და კონკრეტული ფუნქცია აქვს. აქედანაც ჩანს, რომ იმთავითვე აბსურდულია ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები. მათ აქვთ ხოლმე ვიწრო პოლიტიკური ამოცანა, რაღაცნაირად მოარღვიონ ხელისუფლების სისტემა და ამისათვის თავს უნდა მოგახვიონ ისეთი რამ, რაც პირდაპირ უპირისპირდება შენს კონსტიტუციურ ლოგიკას. არა მარტო ჩვენს კონსტიტუციურ ლოგიკაზეა საუბარი, ზოგად კონსტიტუციურ ლოგიკას ეწინააღმდეგება ხოლმე მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი ამის დასტური იყო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული უწყების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროში თავი მოიყარა ძირითადად სამმა ფუნქციამ, ეს იყო საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დეკლარაციების მონიტორინგი და შემდეგ ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგი.

„შეიქმნა უწყება, რომელსაც ერქვა ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ვერავითარი ბერკეტი ვერც ექნებოდა მას მინიჭებული, რადგან თავად მოთხოვნა იყო აბსურდული. მერე აგენტურა საქართველოში თავადვე აქილიკებდნენ ამ უწყებას. ამბობდნენ, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ თვალით არ ენახათ მათ ამ უწყების მიერ გამოვლენილი კორუფცია. ვერც გამოავლენ როცა მარტო დეკლარაციების მონიტორინგი გევალება. ეს ფუნქციები აქვს მინიჭებული მთავრობას, პროკურატურას, სუს-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა შუაშია აქ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფლაგმანი.

თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამ მოთხოვნას, რომ რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს. როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ანალოგიურად ვაკეთებთ იმავეს ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში. იგივე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები