ირაკლი კობახიძე: ორდღიანი კამპანია, რაც წამოიწყეს ნაკრების და ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ, მეტყველებს მათ სიბნელეზე, მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი ნაკრების მიმართ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი წარმატებები ექნებათ, როგორ შეიძლება, მამარდაშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და შენ გამოხვიდე გამარჯვებული

ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგება, ხელისუფლება საქართველოს ნაკრების გვერდით დგას და სოლიდარულია.

„თავის დროზე, როდესაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ საჯაროდაც ვსაუბრობდით, წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საბერძნეთთან ვერ მოგვეგო და ვერ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ფეხბურთში ერთ წამში შეიძლება გადაწყდეს მატჩის ბედი და სხვა მიმართულებით წავიდეს. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ტიპის კამპანია ექნებოდათ მათ ნაკრების წინააღმდეგ. ერთი წამი გადაწყვეტდა. ჩვენი დამოკიდებულებაა – მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგებაა, როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყოველთვის ვუდგავართ საქართველოს ნაკრებს გვერდით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი ქომაგობით, ჩვენი სოლიდარობით. მათი დამოკიდებულება გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც პირველი მცდელობა გვქონდა და მაკედონიასთან ვერ მოიგო ნაკრებმა, რა კამპანიას აწარმოებდნენ ისინი. გახსოვთ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, როდესაც ის „რუბინიდან“ მოდიოდა, ბოლო მატჩი იყო და სიმბოლურად კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანეს მატჩზე და რამხელა კამპანია ჰქონდა მთელ ამ ლიბერალურ ფაშიზმს, რადიკალურ ოპოზიციას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ასევე, თორნიკე შენგელია როდესაც „ცეესკაში“ გადავიდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ცეესკას“ რუსეთის არმიასთან, რამხელა კამპანია აწარმოეს. მერე როგორ ხდებოდა ფეხბურთელების დაყოფა გამარჯვების შემდეგაც. გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი ფეხბურთელი იყო სახალხო ფეხბურთელი და სხვები არ იყვნენ სახალხო ფეხბურთელები, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტები და სხვები იყვნენ არაფავორიტები, ეს არის სიმახინჯე, რასაც აჩვენებს მუდმივად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. ამ ორდღიანი კამპანიის განმავლობაშიც ამას ვხედავთ. ამხელა სიხარული მოგვანიჭეს ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა შარშან, რითაც მთელი საზოგადოება იყო აღტაცებული. ასეთი სიხარული ბევრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ნებისმიერ ნაკრებს, საქართველოს კი არა, ესპანეთის და იტალიის ნაკრებს აქვთ კრიზისული პერიოდები და ეს მათ შორის, შეიძლება ტრავმებმა და ათასმა რამემ განაპირობოს. როდესაც ერთ პატარა კრიზისულ ეტაპზე შენ ასეთ სიძულვილის, ზიზღის კამპანიას აწარმოებ, კონკრეტულად მამარდაშვილის წინააღმდეგ. კაცი არის, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, სპორტსმენზეც არ ვამბობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია, რომელიც ლივერპულის კარს იცავს და ვიღაცა სრულიად წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი წარუმატებლობით არიან გამწარებული, კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ მამარდაშვილის წინააღმდეგ. ეს ხომ აჩვენებს მთლიანად მათ სახეს. როდესაც სიბნელეზეა საუბარი, ეს ორდღიანი კამპანიაც, რაც წამოიწყეს მათ ნაკრების და ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ, ზუსტად ასევე მეტყველებს მათ სიბნელეზე. მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი ნაკრების მიმართ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი წარმატებები ექნებათ. ერთ წელიწადში იწყება ახალი შესარჩევი ტურნირი და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს. როგორ შეიძლება, მამარდაშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და შენ გამოხვიდე გამარჯვებული, ვიღაც სრულიად წარუმატებელი, კრახგანცდილი ადამიანები ყველაფერში. ყველაფერში კრახი ხომ არ შეიძლება, განათლება ვერ მიიღე, პოლიტიკაში წარუმატებელი იყავი, აქციაზე გამოხვედი და 149 კაცთან ერთად დგახარ, არჩევნები ვერ მოიგე, ყველაფერში კრახი გაქვს, სადღაც ხომ უნდა დაფიქრდე, რომ შენშია ამ წარუმატებლობის მიზეზი და არა მაგალითად გიორგი მამარდაშვილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები