პრემიერი – Eagle Hills-ზე: რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, წელიწადში 700 მილიონი ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება, ეს არის დავალება და დაკვეთა
როგორც ფსკერზე არის ოპონენტების მორალი, როდესაც კოორდინირებულად უტევენ ჩვენი ნაკრების საამაყო წევრებს, ასეთივე მორალით საუბრობენ ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი არის დაკვეთა.
„ერთ-ერთმა ე.წ. ჟურნალისტმა, მეტრეველმა თქვა, რომ კი, სისულელეა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ რაღაც თემა ხელისუფლებისთვის არის სირთულეებთან დაკავშირებული, უნდა გამოიყენოო. ეს არის მათი მორალი, რომ შეიძლება იცოდე, რომ არაფერი სასპეკულაციო არ არის, მაგრამ თუ გადგება პოლიტიკურად, მაინც უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს. წარმოიდგინეთ, რას ამბობს, რომ შეიძლება, თეორიულად, წარმატებული აღმოჩნდეს შენი სპეკულაციები და ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს 11 მილიარდი ეკონომიკაში, წელიწადში 700 მილიონი ბიუჯეტში, მაგრამ პოლიტიკურად თუ მომგებიანია, რატომ არ უნდა ისპეკულირო. ნახეთ, სადამდე დადის მათი მორალი. რატომ დავიწყე ფეხბურთზე საუბრით, როგორც ფსკერზე არის მათი მორალი, როდესაც კოორდინირებულად უტევენ ჩვენი ნაკრების საამაყო წევრებს, ასეთივე მორალით საუბრობენ ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ინვესტიციას.
მთავარი არის დაკვეთა და თქვენ ნახეთ, რომ თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალებია, ეს არის „ლელო“, „ნაცმოძრაობა“, „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთი წყაროდან იღებს დაკვეთას. იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ავიღოთ, ასეთი შეხვედრა მახსენდება კელი დეგნანთან, მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ახალი შექმნილი და ნერვებს უშლიდა ქალბატონ კელის და კატეგორიულად ითხოვდა პარტიის აკრძალვას, ზოგადად, ორგანიზაციის აკრძალვას, ტელევიზიის დახურვას. ვეკითხებოდით, გუშინ მედიის თავისუფლებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე გვესაუბრებოდნენ და ახლა ტელევიზია უნდა დაგვეხურა და პარტია უნდა აგვეკრძალა. არაო, ასეა საჭიროო. პირდაპირ უხეშად ითხოვდა ორგანიზაციის აკრძალვას და ტელევიზიის დახურვას. ამაზე ვუთხარით, რომ თუ პრორუსული გაწუხებთ, აქ „პატრიოტთა ალიანსია“ ამდენი ხანი, ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია და მაგაზე რატომ არ ითხოვდითქო არასდროს და ეს რა გახდა. რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური, დაგვაინტერესა. არა, ისინი კარგი ხალხიაო. დღეს ვხედვათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად გამოდიან და ეს „პატრიოტთა ალიანსი“ ტვ პირველზე ზის ეთერში, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში. მანამდე, ვითომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ითხოვდა. ვითომ კი არა, მართლა ითხოვდა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ადრე სხვა საელჩოებში დადიოდნენ ფულის წამოსაღებად, ახლა უკვე, როგორც ჩანს, შეიცვალეს საკუთარი ორიენტაცია.
„კარგი პრორუსები არიანო, ანუ მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ცუდი პრორუსები და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო კარგი პრორუსები. მერე თავისი ბინძური მეთოდები გამოიყენეს კონკრეტული კიდევ ერთი პარტიის წინააღმდეგ, როგორიც არის „ალტ-ინფო“, იქ შემდეგ თავისი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს. ახლა ვხედავთ, რომ პოდკასტებში ზიან ერთად „ნაცმოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ და როგორც კარგი პრორუსები იყვნენ პატრიოტთა ალიანსი, ასევე კარგი პრორუსები გახდნენ, როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები. ბოკერიას და „ალტ-ინფოს“ დისკუსია რომ გენახათ ერთმანეთში, მიხვდებოდით, რომ ესენი კარგი პრორუსები გახდნენ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სინამდვილეში, ერთი ხელიდან იღებენ ისინი დავალებებს. ერთი ხელიდან იმართებიან და ერთი ხელიდან იღებენ დაკვეთებს. ეს არის მთავარი ახსნა. რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, როცა ხედავ, რომ წელიწადში 700 მილიონი ლარი შეიძლება დააკარგვინო ქვეყნის ბიუჯეტს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე, როცა ხედავ, რომ ტურიზმს შეიძლება შეუქმნა პრობლემა, ზოგადად ქვეყნის წინსვლას შეიძლება შეუქმნა პრობლემა და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება. ეს არის დავალება და დაკვეთა. როდესაც კონკრეტული პარტიები მოქმედებენ კომპრომატების შიშის ქვეშ, როდესაც მოქმედებენ პირდაპირ ხელმოწერილი კონტრაქტების ქვეშ, იქ მათ არ აქვთ არავითარი არჩევანი და ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ისინი ასეთ სიბნელეზე მიდიან. რასაც აკეთებენ ფეხბურთის შემთხვევაში, რა ხარისხის სიბნელეც არის ეს, იმ ხარისხის სიბნელეა ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებენ Eagle Hills-თან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.