არჩილ გორდულაძე – საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე: ეს არის თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია, რომელიც აბსოლუტური ტყუილია
2024 წლის არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 1 120 000-ზე მეტმა ადამიანმა და დაახლოებით 34 000 იყო უცხოეთში მცხოვრები პირების მიერ დაფიქსირებული ხმა, რაც საერთო არჩევნებში მონაწილე პირთა რიცხოვნობის 1,5-დან 2%-მდეა და ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ არჩილ გორდულაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ოპოზიციის ბრალდებები, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის საშუალებას ოპოზიციური განწყობის გამო უზღუდავენ.
მისი განმარტებით, ეს არის თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია, რომელიც აბსოლუტური ტყუილია.
„გადავხედოთ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა და რამდენმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დაახლოებით 86 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, რომ საარჩევნო უბანზე მისულიყო. მაგრამ, იცით რამდენი მივიდა? დაახლოებით 34-35 ათასი. გამოწვევები შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ პირებს და უბრალოდ ვერ ჩავიდნენ. მაგალითისათვის, მოქმედი კანონმდებლობით, სად იხსნება საარჩევნო უბნები, იხსნება მხოლოდ საქართველოს საელჩოში ან საქართველოს საკონსულოში და იხსნება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. მაგალითისთვის აშშ-ში რომ ავიღოთ, სულ ორ ადგილას იხსნება 50 შტატში. კიდევ ერთი სპეკულაცია რაც მოვისმინეთ, იყო, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხმებია და ა.შ. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ნონსენსი. 2024 წლის არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 1 120 000-ზე მეტმა ადამიანმა და 34 000 იყო უცხოეთში მცხოვრები პირების მიერ დაფიქსირებული ხმა დაახლოებით, რაც არის 1,5-დან 2%-მდე საერთო არჩევნებში მონაწილე პირთა რიცხოვნობისა, რომელსაც ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ხმებზე. ამ შემთხვევაში, ვერც 2024 წელს ვერ შეცვლიდა, ვერ შეცვლიდა ვერც 2020 წელს, 2016 წელს და ა.შ. შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია, რომელიც აბსოლუტური ტყუილია“, – განაცხადა გორდულაძემ.