მეცნიერებმა ისტორიაში პირველი კოცნის სავარაუდო თარიღი დაადგინეს
სამეცნიერო ჟურნალ „ევოლუცია და ადამიანის ქცევაში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ისტორიაში პირველი კოცნა, სავარაუდოდ, 16.9-დან 21.5 მილიონ წლამდე პერიოდში, დიდი პრიმატების წინაპრებს შორის მოხდა.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კოცნა გავრცელებულია ყველა ცოცხალ დიდ მაიმუნს შორის და, სავარაუდოდ, ასევე გავრცელებული იყო ნეანდერტალელებში (Homo neanderthalensis), რომლებიც პირველად ამ ჯგუფის წინაპრებში დაახლოებით 21,5-დან 16,9 მილიონ წლამდე გაჩნდნენ“, – ნათქვამია კვლევაში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა იძიებს კოცნის წარმოშობას ცხოველთა სამყაროში და მის შესაძლო როლს უძველეს ადამიანთა სახეობებს შორის ურთიერთქმედებაში. კოცნა ან მეგობრული პირიდან პირში კონტაქტის მსგავსი ფორმები ცხოველთა ფართო სპექტრში გვხვდება, გალაპაგოსის ალბატროსებიდან და პოლარული დათვებიდან დაწყებული, შიმპანზეებითა და ორანგუტანებით დამთავრებული. მკვლევარები ახლა მიიჩნევენ, რომ ნეანდერტალელებიც შესაძლოა ასეთ ქცევებს იჩენდნენ და, უფრო მეტიც, შესაძლოა, ისინი კოცნას ადრეულ ჰომო საპიენსთან ცვლიდნენ.
ევოლუციური ბიოლოგისა და ახალი კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორ მატილდა ბრინდლის თქმით, ამ ფენომენისთვის სხვადასხვა ახსნა იქნა შემოთავაზებული, მაგრამ მათი დასკვნები ადასტურებს უმარტივეს ინტერპრეტაციას: ნეანდერტალელები და ადრეული ადამიანები, სავარაუდოდ, ერთმანეთს კოცნიდნენ.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ეს კარგად ემთხვევა გენეტიკურ მტკიცებულებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ აფრიკის გარეთ მცხოვრები თანამედროვე ადამიანები შეიცავენ ნეანდერტალელების დნმ-ის ფრაგმენტებს, რაც შეჯვარებაზე მიუთითებს. მისი თქმით, ეს ინტერპრეტაცია „ადამიანებსა და ნეანდერტალელებს შორის ურთიერთობას უფრო რომანტიკულ ელფერს სძენს“.