ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდში კარგად იციან, რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში, შესაბამისად, არ გაგვჭირვებია მათი დარწმუნება

“სავალუტო ფონდში კარგად იციან, რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში, შესაბამისად, არ გაგვჭირვებია მათი დარწმუნება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებებზე ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმდა.

„მინდა, გითხრათ, რომ არ გაგვჭირვებია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დარწმუნება იმ პარამეტრებზე, რაზეც მოხდა შეთანხმება იმიტომ, რომ სავალუტო ფონდი, დამერწმუნეთ, ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა. განსაკუთრებით, კრიზისების დროს. შესაბამისად, არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების, ასევე, დეფიციტის გაზრდა, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს ვალის მოცულობის ზრდას. რაც შეეხება 2021 წელს დასაფარ ევრობონდებს. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როცა პანდემიის გამო ჯერ კიდევ გაურკვევლობაა მსოფლიო ეკონომიკაში, უფრო ვიხრებით რეფინანსირებისკენ, თუმცა, ჩვენ წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შეიძლება გადავხედოთ ამ საკითხს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მივიღებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ევრობონდთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები